ახალი ამბები

ილიაუნის 15-მა სტუდენტმა ზედანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

15 თებერვალი, 2019 • 2207
ილიაუნის 15-მა სტუდენტმა ზედანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა რექტორ გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმას სტუდენტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ზედანიას გადადგომისათვის მათ მიერ დაწესებული ვადა(15 თებერვლის 22:00) ამოიწურა.

როგორც “ნეტგაზეთს” ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ ჯიმშელეიშვილმა განუცხადა, ამჟამად, რექტორის გადადგომის მოთხოვნით, 15 სტუდენტი შიმშილობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

მარიამ ჯიმშელეიშვილი ასევე გამოეხმაურა ილიას უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებას იმის შესახებ, რომ განვითარებული მოვლენები გიორგი ქადაგიძის მიერ “ულტიმატუმის ენით საუბრის” შედეგია.

“გიორგი ქადაგიძის გარევა უნდათ ამ საქმეში, რომ თითქოს ის კურირებს ამ საკითხებს. ეს არის აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, ესაა სტუდენტების გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვართ მართული ძალა”, – აღნიშნავს ის.


31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი