ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტრიის მანძილზე ყველაზე მსხვილ რეიდერულ თავდასხმად აფასებს. მისი თქმითვე, 2007-2008 წლის ტრანზაქციაზე გამოძიების ახლა დაწყება მსხვილი აქტივის წართმევის მაგალითია.
“იმისგან დამოუკიდებლად, რას იტყვის მამუკა ხაზარაძე ან რას გააკეთებს, მოიმოქმედებს, ივანიშვილი თავისი გეგმის განხორციელებას მაინც გააგრძლებს. დაუწვება – მაინც გადაუვლის, მადლობას ეტყვის – მაინც გადაუვლის, ჩხუბს დაუწყებს – მაინც გადაუვლის. აქედან გამომდინარე, ხაზარაძეს ერთადერთი სწორი გამოსავალი აქვს, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებრივი იმუნიტეტი მოითხოვოს. საზოგადოებრივი იმუნიტეტი მას ექნება მაშინ, თუ იტყვის, რატომ, რისი გულისთვის და სად გადაიკვეთა მათი [ივანიშვილისა და ხაზარაძის] ინტერესები. რატომ ართმევენ მას ბანკს. ერთადერთი იმუნიტეტი ივანიშვილთან ბრძოლაში არის ბრძოლა, სხვა გზა არ არსებობს,”-აცხადებს გიგი უგულავა.
ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.
თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ. კომერციული ბანკის ინფორმაციით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.
პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.
“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.
თიბისი ბანკთან დაკავშირებით 22 იანვარს კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმაც გააკეთა. მისი თქმით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.