ახალი ამბები

ტვირთბრუნვის მონიტორინგზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმება იმპლემენტაციის ფაზაში გადადის

5 თებერვალი, 2019 •
ტვირთბრუნვის მონიტორინგზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმება იმპლემენტაციის ფაზაში გადადის

ხვალ, 6 თებერვალს, ჟენევაში, შვეიცარიული მხარის თავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიული კომპანია SGS-ის მონაწილეობით, “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება.

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით უკვე დასრულებელია და ხვალიდან, დეტალებზე შეთანხმების შემთხვევაში, მხარეები შეთანხმების ტექნიკური იმპლემენტაციის ფაზაში გადადიან. შვეიცარია კვლავ რჩება მედიატორად, რომელიც კომიტეტის სხდომებს უხელმძღვანელებს, თუმცა შეთანხმების იმპლემენტაცია, პატრიკ ფრანცენის თქმით, უკვე, ერთი მხრივ, ქართულ და რუსულ მხარეებზე, მეორე მხრივ კი, კომპანია SGS-ზე იქნება დამოკიდებული.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმი დააარსონ. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს და შემდეგნაირად მუშაობს: ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით, ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ.

ნეიტრალურ კერძო კომპანიად, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, SGS (Societe Generale de Surveillance SA) შეირჩა. ხვალინდელი შეხვედრა არის პირველი მას შემდეგ, რაც საქართველომ და რუსეთმა SGS-ორმხრივი კონტრაქტები გააფორმეს.

“ხვალინდელ შეხვედრაზე გადასაწყვეტია ტექნიკური საკითხები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან არაორდინარული და უპრეცედენტო პროექტია. არსად მსგავსი არ განხორციელებულა, რომ ნახო და გაეცნო. ამიტომ ბევრი კითხვა იქნება. არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ შეხვედრის შედეგებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

2011 წლის შეთანხმებაში საუბარია 3 სავაჭრო დერეფანში შემავალი ტვირთის მონიტორინგზე. აქედან ორი დერეფანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის და სწორედ ეს არის წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციების საფუძველი. იმისთვის, რომ მომლაპარაკებელ მხარეებს ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისთვის თავი აერიდებინათ, შეთანხმებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არანაირი ფორმით არ არის ნახსენები და სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატებიით (UTM WGS84 კორდინატების სისტემის მიხედვით) არის განსაზღვრული.

აღნიშნული კოორდინატების მიხედვით, პირველი სავაჭრო დერეფანი კრასნოდარის მხარეში, ადლერის მახლობლად იწყება, აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდში მთავრდება; მეორე – ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება, სოფელ ნარის (ჩრდილოეთ ოსეთი) მიმდებარე ტერიტორიიდან გორამდე; მესამე დერეფანი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ფარავს.

შვეიცარიის ელჩმა 5 თებერვალს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, სავაჭრო დერეფნების საწყისი და ბოლო წერტილების ადგილმდებარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს  მხარეებსა და კომპანიას შორის შესათანხმებელი ტექნიკური საკითხია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ სავაჭრო დერეფნების კოორდინატები, შესაძლოა, გადახედვას დაექვემდებაროს? ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ქართული მხარის პოზიციაა, “ყველა ნაბიჯი 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად გადაიდგას”. ზურაბ აბაშიძე წინმსწრებად თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, განსხვავებულია თუ არა რუსეთის პოზიცია.

გახდება თუ არა 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაცია რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ახალი სატრანზიტო გზის გახსნის საფუძველი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს:

“თუ დავაკვირდებით მანქანების დიდ კოლონას, რომელიც იქნება ხოლმე ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ვნახავთ, რომ იქ სომხურ მანქანებსაც ექმნებათ პრობლემები, ქართულსაც, რუსულსაც, აზერბაიჯანულსაც და სხვა. ასე რომ, გამორჩევით სომხეთზე არ არის საუბარი. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ თვითონ ამ შეთანხმების განხორცილება არ გულისხმობს კორიდორების ავტომატურ გახსნას. ამაზე საჭიროა ცალკე გადაწყვეტილება. ამჯერად, საუბარია მხოლოდ საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე”,-  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოდან – ფინანსთა სამინისტროს, რუსეთიდან კი- ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი