“ვაშლის ბაღები”- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ომგამოვლილი ადამიანების ზეპირ ისტორიებს აერთიანებს. 60-ზე მეტი ადამიანის ამბის ჩაწერა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, ინდიგოსა და წამებისა და მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მეშვეობით მოხდა.
პროექტის ავტორების ინფორმაციით, წიგნში მოცემული ყველა ტექსტი ზეპირი ისტორიაა, მხოლოდ ზოგან არის შეცვლილი სახელები, ისიც ამ ადამიანების თხოვნით. GCRT-ის პროექტის კოორდინატორი სოფო ტაბაღუა გვიყვება, რომ შიდა ქართლში მდებარე ცენტრის მეშვეობით, უკვე წლებია ფსიქოლოგიურ დახამარებას უწევენ ომგამოვლილ ადამიანებს.
“ეს წიგნი ჩვენი და ინდიგოს ერთობლივი პროექტია. წიგნზე მუშაობისას ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ამ ომის მონაწილეები არიან. გადის წლები, თაობები იცვლება და ეს ისტორიებიც ჩვენთან, ფსიქოლოგებთან რჩება ხოლმე. გვინდოდა, ისინი უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო”.
ინდიგოს რედაქტორის, ნინო ლომაძის თქმით, წიგნი მკითხველს სთავაზობს, აგვისტოს ომი განსხვავებული პერსპექტივით – ადამიანის ბიოგრაფიებიდან დაინახოს. ნინო ლომაძე განმარტავს, რომ სანამ წიგნზე მუშაობა დაიწყებოდა, შეისწავლეს, როგორ შუქდებოდა საქართველოს უკანასკნელი ომი მედიაში. როგორც ის ამბობს, ომის პერიოდშიც და მას შემდეგაც, მედია ომს აღწერს მხოლოდ მშრალი ფაქტებით, რაც ძირითადად გულისხმობს პოლიტიკური პროცესების თანმიმდევრობით გადმოცემას.
“მედიაში ძალიან იშვიათად წააწყდები პერსონალურ გამოცდილებებს იმ ადამიანებისა, ვინც ეს ომი თავისი თვალით ნახა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ადამიანების თვალით დაგვენახა ეს ომი. წიგნზე მუშაობისას 100-მდე ინტერვიუ ჩავწერეთ. აქედან 62 წიგნში მოხვდა. ავტორთა უმეტესობა ქალია. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ქალები ომის გამოცდილებაზე უფრო თამამად საუბრობდნენ. კაცებს, როგორც ჩანს, უფრო უჭირდათ იმ დროის გახსენება და მასზე საუბარი. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ, მათი უმეტესობა ამბის მოყოლზე უარს ამბობდა. ყველაზე მნიშვნელონია და ეს ამ ისტორიებშიც ჩანს, რომ ამ ადამიანებს ომის გამოცდილების გაზიარების ძლიერი სურვილი აქვთ. ამასთან, აქვთ წყენა, რომ მათი ამბით ამ დრომდე არ დაინტერესდნენ. როცა ვხვდებიდით, გვეუბნებოდნენ, 10 წელი რომ არ გასულიყო, არ მოხვიდოდით?! “.
ნინო ლომაძის თქმითვე, ამ წიგნში ბევრი ფაქტია, რომელიც ისტორიკოსებისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან წიგნში მოთხრობილი პერსონალური ამბები რუსეთ-საქართველოს 10 წლის წინამდელ ომზე საკმაოდ ფართო სურათს იძლევა, შედეგად, რეალობას ანალიტიკურ ნაშრომზე ბევრად უკეთესად აჩვენებს.
გასულ წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე, გაგრძელდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.