ახალი ამბები

უსუფაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ულოცავს

29 იანვარი, 2019 • 1577
უსუფაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს და ყოფილ კოლეგას, ანდრიი პარუბის ულოცავს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ეროვნული კონსოლიდაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.

ამასთანავე, როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, ამ თემაზე საქართველოში მიმდინარე დისკუსიის, განსაკუთრებით, ეკლესიისკენ მიმართული პოლიტიკური წნეხის ფონზე, საჭიროდ თვლის, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

შენების მოძრაობის ლიდერის განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

“1. ზოგადად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის წარმატება ჩვენი ქვეყნების ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობაში არის პოლიტიკურად სასარგებლო მოვლენა საქართველოსთვის. კონკრეტულად, ავტოკეფალიის თაობაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნა, როგორც გამარჯვება რუსეთთან მასშტაბური დაპირისპირების მნიშვნელოვან ფლანგზე და ჩვენ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა მივესალმოთ ამ მოვლენას.

2. ქართული სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია საერთო ეროვნულ საქმეს თავ-თავისი საქმის სწორად კეთებით გააკეთებენ და არა ერთმანეთის „სწორ გზაზე დაყენების“ მცდელობით. კანონიკური საკითხების განხილვა პარლამენტის ტრიბუნიდან ისევე ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკის კეთება ამბიონიდან. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აკისრია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საეკლესიო-კანონიკური აღიარების საკითხის გადაწყვეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა; ხოლო სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლები ასევე ექსკლუზიურად აგებენ პასუხს უაღრესად დინამიკურ და კომპლექსურ საერთაშორისო პროცესებში ქვეყნის დროულ და სწორ პოზიციონირებაზე.

3. დაუშვებელია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საკუთარი პოლიტიური პასუხისმგებლობის ეკლესიისთვის დაკისრება (რაც საეკლესიო საქმეებში ჩარევაცაა), რომელიც გამოიხატა მიდგომით – „უკრაინის საკითხში სინოდის გადაწყვეტილებას ველოდებით“. კანონიკური სამართლისა და დოგმატიკის ჩარჩოებში მოქცეულმა ეკლესიამ შესაძლოა თვეები და წლები მოანდომოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების, პრეცედენტების და ინტერპრეტაციების განსჯას და ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას. სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კი კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ფაქტი (და არა აღიარების ისტორიულ-კანონიკური წანამძღვრები) რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატარონ საერთაშორისო პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესების პრიზმებში და ჩამოაყალიბონ პოზიცია უკრაინასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საურთიერთოდ.

4. სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას, ცხადია, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი, ოღონდ არა მისთვის ჭკუის სწავლების ან მის კალთას ამოფარების გზით. სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული წმინდა სინოდის ამა თუ იმ საეკლესიო ხასიათის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება აღნიშნული კურსის გატარების ფორმის, მეთოდის და საშუალების ადაპტირება. მაგალითად, თუ სინოდს ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად დრო სჭირდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც კი არ უნდა „დაპაუზდეს“, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენლები საჯაროდ უფრო მოზომილად უნდა მიესალმონ უკრაინის პოლიტიკურ მოვლენებს, ხოლო არასაჯაროდ უკრაინელ კოლეგა პოლიტიკოსებს უნდა მიანიშნონ, რომ ჯობია დადებითმა გადაწყვეტილებამ დაიგვიანოს, ვიდრე უარყოფითი დაჩქარდეს, და ა.შ….”

მოკლედ:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მანამდე, საკუთარ მოსაზრებებს სინოდის წევრები დამოუკიდებლად აფიქსირებენ. ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კი აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება მანამ, სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიხში საქართველოზე წინ არიან.

ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია.

ამავე თემაზე:

უნდა დაელოდოს თუ არა მთავრობა ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი