ახალი ამბები

ხარვეზი კონსტიტუციაში – უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოსილება მთავრობას

21 ივლისი, 2014 • • 2704
ხარვეზი კონსტიტუციაში – უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოსილება მთავრობას

იურისტები თანხმდებიან, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვანი არ არის და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, თუმცა მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ შეიქმნა კაზუსური სიტუაცია, კონსტიტუციის ძველი და ახალი რედაქციის შემქმნელები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს.


ავთანდილ დემეტრაშვილი და ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის შესახებ
ავთანდილ დემეტრაშვილი და ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის შესახებ

კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის მიხედვით, “პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას” – 2009 წელს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და ასევე კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩენვენ, რომ ეს სწორედ ის ნორმაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გახმაურებულ გადაწყვეტილებას არეგულირებს, თუმცა კონსტიტუციონალიტების ინტერპრეტაციები მაინც განსხვავდება. მაგალითად, დემეტრაშვილის აზრით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვახტანგ ხმალაძე. ამასთან, 81-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით ხორციელდება. თავის მხრივ, მე-80 მუხლში კი წერია, რომ ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგენს პარლამენტს.


კონსტიტუციის მე-80 მუხლი/სკრინშოტი მაცნეს ვებგვერდიდან
კონსტიტუციის მე-80 მუხლი/სკრინშოტი მაცნეს ვებგვერდიდან



ხმალაძის განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობისას ეს ჩანაწერი არარელევანტურია, რადგან მე-80 მუხლში მოცემული პროცედურა მაშინ დგება, როდესაც პარლამენტი ახალი ფორმირებულია და მთავრობის ჩამოყალიბება ხდება. ხოლო ის შემთხვევა, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, ამ სიტუაციისაგან განსხვავდება, ამიტომ მე-80 მუხლზე მითითება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს ეხება.


 

“ჩემი აზრით, კონსტიტუცია, კონკრეტულად კი მისი მე-80, მე-80 პრიმა,  81-ე და 81-ე პრიმა მუხლები ადგენენ შემდეგ წესს, თუ რა ხდება, როდესაც მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლება ხდება. ეს წესი, ჩემი აზრით, ასეა: მთავრობას უფლებამოსილება უწყდება, პრეზიდენტი ავალებს მოვალეობის შესრულებას იმ შემადგენლობას, რომელსაც მას პრემიერ-მინისტრი გადასცემს და შემდეგ  პარლამენტს წარუდგენს ნდობის მოსაპოვლებლად. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს მთავრობა პარლამენტს”, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ვახტანგ ხმალაძეს:

“კონსტიტუცია ამბობს ასეთ რამეს, რომ როდესაც მთავრობის შემადგენლობის განახლება ხდება მისი წევრების ერთ მესამედზე მეტით, მთავრობის ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დგება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ყველა წევრი, პრემიერ–მინისტრით დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული, თანამდებობაზე მყოფი პირები არიან და არა მოვალეობის შემსრულებლები. იმის გამო, რომ მთავრობის შემადგენლობაში განხორციელდა ცვლილებები, კიდევ ერთხელ წარედგინება პარლამენტს ეს შემადგენლობა იმისათვის, რომ პარლამენტმა დაადასტუროს ამ მთავრობისადმი, როგორც ძველი წევრებისადმი, ნდობა, ან არ გამოუცხადოს ნდობა და მაშინ დაიწყება მთავრობის შეცვლის პროცესი. თუ ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, ამ ნდობის გამოცხადებიდან კენჭისყრით დამთავრდება ყველაფერი. არანაირი თანამდებობაზე დანიშვნა არც პრემიერის, არც მინისტრებისა, უკვე საჭირო აღარ იქნება, ისინი უკვე არიან დანიშნულები თანამდებობაზე”, – ამბობს ხმალაძე.

მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლშია საუბარი, თუმცა იქ არ წერია, რომ მთავრობის შემადგენლობის ⅓-ის შეცვლა მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. ნეტგაზეთის კითხვას, რაზე დაყრდნობით უშვებს იგი ამას, ავთანდილ დემეტრაშვილი პასუხობს, რომ ლოგიკა და მუხლების სისტემური ანალიზი აძლევს ამის თქმის საფუძველს:


“სისტემურად უნდა მიუდგე ამ საკითხს, მუხლების ერთობლიობა ადგენს ამ პროცედურას. მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ აქ ხარვეზი არსებობს. ეს 81-ე პრიმა მუხლი აღდგენილია ახალი ხელისუფლების მიერ 2013 წელს. აღადგინეს ძველი რედაქციით, ანუ სააკაშვილის დროს როგორც იყო ისე, მაგრამ იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი ფიგურა პრეზიდენტი იყო. იმის ნაცვლად, რომ ეს შეეცვალათ და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი ჩაეწერათ, აღადგინეს იმავე რედაქციით, ამიტომ შეიქმნა რთული სიტუაცია. შეიძლება ითქვას, კაზუსური ვითარება – 81-ე მუხლში  წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს და მე-80 მუხლში წერია, რომ პრემიერი წარადგენსო. პირდაპირ რომ ჩაეწერათ, ამ შემთხვევაზე ვრცელდება მე-80 პრიმა მუხლის რედაქციაო, ამით დასრულდებოდა პრობლემა, შეწყდებოდა მთავრობის უფლებამოსილება და მორჩა, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. ახალ მთავრობას უნდა გამოუცხადოს ნდობა პარლამენტმა. მიდის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტში და დეპუტატებს ეუბნება, რომ ღარიბაშილს, ალასანიას უკვე გამოუცხადეთ ნდობა და ახლა 7 ახალ მინისტრსაც გამოუცხადეთო, ასე? ასე ხომ ვერ გამოვა? ნდობა უნდა გამოუცხადოს მთელ შემადგენლობას და, მე თუ მკითხავთ, სამთავრობო პროგრამასაც, რატომ არსებობს პროცედურა, რომ თუ ⅓ -ით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, მან ნდობა სჭირდება? იმიტომ, რომ შეიძლება მთავრობის მთელი სახე შეიცვალოს. ⅓ – ეს ძალიან ბევრია”, – ამბობს დემეტრაშვილი.

 

“მესმის, რომ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ეს ნორმები ვერ არის ჩამოყალიბებული კარგად, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ბრალი არ არის, ეს მოკითხეთ წინა ხელისუფლებას”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც ადასტურებს, რომ 81-ე პრიმა მუხლი მართლაც ახალმა ხელისუფლებამ აღადგინა შემდეგი მოტივაციით:

 

“81 პრიმა მუხლი იყო, 2010 წელს ამოიღეს და ჩადეს დათქმა, რომ ეს უნდა ამოქმედებულიყო [2013 წლის ]პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ. ეს რომ არ ამოქმედბულიყო  პარლამენტი მთავრობის ფორმირების საკითხში ვერ ჩაერეოდა, პრემიერ–მინისტრს თუნდაც 100%–ით შეეცვალა მთავრობის შემადგენლობა, ამიტომ ჩვენ ეს აღვადგინეთ, დავაბრუნეთ ძველი ნორმა, იმისათვის, რომ პარლამენტმა აკონტროლოს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება”.

 

უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოისლება მთელ მთავრობას? – ამ კითხვაზე პასუხი საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გასცეს, ხოლო დღეის მდგომარეობით მთავრობის ის წევრები, ვისაც ღარიბაშილის საკადრო გადაწყვეტილებები არ შეხებიათ, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ ძველი სტატუსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი