ახალი ამბები

გარდაცვლილ 4 წლის ბავშვს სამხარაულის ბიუროდან, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ

24 იანვარი, 2019 • 1442
გარდაცვლილ 4 წლის ბავშვს სამხარაულის ბიუროდან, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ

4 წლის ბავშვს, რომელიც მისი ოჯახის სახლში 22 იანვარს გარდაცვლილი ნახეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი განცხადების დასაწერად გარდაცვლილის მამინაცვალი პოლიციაში იმყოფება. რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვის ცხედრის გამოკვლევა დასრულებულია, ახლა კი ლაბორატორიული გამოკვლევები მიმდინარეობს.

22 იანვარს შსს-მ დაღუპული 4 წლის ბავშვის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე. დაიწყო გამოძიება ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის, ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით

ამავე თემაზე:

სოც. სააგენტოს განმარტება 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი