სოციალური მომსახურების სააგენტო სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის თქმით, ბავშვი და მისი მშობელი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მანამდე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვის დედაზე 6 იანვარს შემაკავებელი ორდერი მეზობლების შეტყობინების საფუძველზე გამოწერეს. ამ უკანასკნელზე სოცსააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ მხოლოდ იმას , რომ შიდა აუდიტი საკითხს სწავლობს.
მარი წერეთელმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სოცსააგენტოსთვის ბავშვის შესახებ, ფაქტობირვად, დაბადებიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, დაბადების შემდგომ ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ სოციალურ სამსახურს სთხოვა ბავშვის დროებით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, მიზეზად კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.
“.. რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მინდობითი აღზრდა, ეს გახლავთ ალტერნატიული ზრუნვის ფორმა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევბის დროს ბავშვების ოჯახიდნ განცალკევება ხდება. რასაკვირიველია, ქვეყნისათვის და ჩვენთვის პრიორიტიეტი არის ბიოლოგიური ოჯახი – თუ სხვა რამ, ბავშვის ინტერესებისთვის უფრო უკეთესი არ არსებობს.
შესაბამისად, სამწელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც ბავშვი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში, ბავშვის განვითარებაზე და მის ურთიერთობაზე ოჯახთან მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ბავშვის ბიოლოგიური დედა სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე ნახულობდა ბავშვს და ჩართული იყო მის განვითარებაში,” – ამბობს მარი წერეთელი.
როგორც წერეთელი განმარტავს, იმისთვის, რომ ბავშვი ზრუნვიდან სამომავლოდ გაიყვანონ, ამა თუ იმ პირის მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირება უნდა მოხდეს. რეგისტრაციის წინ კი ხდება ამ ოჯახისა და ადამიანის ბიოფსიქოსოციალური შეფასება, რის შემდეგაც მას ენიჭება უფლება, ერთი მხრივ იყოს მნახველი, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვი შემდგომ გაიყვანოს.
“მსგავსი შეფასება მოხდა ამ შემთხვევაშიც. მე მინდა აღვნიშნო, რომ სამწელიწადნახევრის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არ დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები როგორც ამ ბავშვის, ასევე ამ ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად იმ გეგმით, რომ სამომავლოდ აქტიური მონიტორინგის განამვლობაში უნდა დაწყებულიყო ბავშვის ოჯახში სამომავლო რეინტეგრაციაზე მუშაობა,” – ამბობს მარი წერეთელი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი საკითხს სწავლობს. რაც შეეხება 6 იანვრის შეტყობინებას, 6 იანვრამდე, მაშინ როდესაც დედის ვიზიტები ხდებოდა, ძალადობაზე შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება ბავშვის ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილებას, მარი წერეთელი ამბობს, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო დედას ბავშვის ზრუნვიდან რამდენიმე დღით გაყვანის უფლებაც კი ეძლეოდა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა სოცსააგენტომ, რომ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ამ დროისთვის, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან. მათ ჰქონდათ წინსვლა. ზოგადად, სოციალური დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გიაყვანონ, პირიქით, ოჯახები უნდა გავაძლიეროთ. ამ კონკრეტული ოჯახის ბავშვების ჰიგიენური ნორმები ყოველთვის დაცული იყო, სხვა პირობებზე მსჯელობა კი ძალიან სადავო თემაა, მაშინ როდესაც მშობლებისა და შვილების მიჯაჭვულობაზეა საუბარი.
ოჯახის გაუმჯობესება იყო, მზაობა იყო ოჯახის მხრიდან. ოჯახი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გადამისამართებული იყო სხვადასხვა სერვისში, ოჯახში მცხოვრები მამაკაცი იყო დასაქმებული, მას ჰქონდა საქმიანობა.. ბავშვის დაბრუნება მისი ჭეშმარიტი ინტერესი იყო. დედასაც ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა, იყო მზრუნველი, მოდიოდა აქტიურად. ამ ბავშვის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო ბიოლოგიურ ოჯახთან. თუმცა კი, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა,” – განმარტავს მარი წერეთელი.
მარი წერეთელი ასევე ამბობს, რომ ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილნი. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყებაში ამბობენ, რომ ის დაბადებიდან იმყოფებოდა ყველა საჭირო სამედიცინო დაწერესბულებაში შესაბამის აღრიცხვაზე, მას აქვს ფორმა 100-ები და განსაკუთრებული ავადობა არ აღენიშნებოდა.