ახალი ამბებისამართალი

მოსამართლეების სია: აქვთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გვრიტიშვილსა და მიქაუტაძეს

16 იანვარი, 2019 • 1699
მოსამართლეების სია: აქვთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გვრიტიშვილსა და მიქაუტაძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მიერ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში სხვა ხარვეზებთან ერთად ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებსაც ხედავს.

კერძოდ, პარლამენტისთვის გაგზავნილ ათწევრიან სიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც არიან. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, გარდა იმისა, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა და კანდიდატების შესახებ მსჯელობა არ გამართულა, უნდობლობას ამძაფრებს სიაში იმ კოლეგიური ორგანოს ორი მოქმედი წევრის არსებობაც, რომელმაც აღნიშნული კანდიდატები უნდა დაასახელოს:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად საბჭოს მიერ დასახელდნენ გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. მივიღეთ ისეთი რეალობა, რომ როდესაც სია გამოაცხადა მიქაუტაძემ, ფაქტობრივად, მან თავისი თავი დაასახელა. და გვრიტიშვილმაც, რომელიც ასევე საბჭოს წევრია, საკუთარი თავი დაასახელა და, როგორც იყო მსალოდნელი, საბჭოს უმეტესობამ მხარი დაუჭირა” – ამბობს ჯანეზაშვილი. 

იუსტიციის უმაღესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა, მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სტანდარტის დადგენას ითვალისწინებს:

“საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ, სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დაინერგოს სტანდარტი, რომ საბჭოს მოქმედი წევრი, ეს იქნება მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, არ მონაწილეობდეს და, შესაბამისად კანდიდატად არ იყოს წარდგენილი საქართველოს პარლამენტში”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

“ნეტგაზეთი” გიორგი მიქაუტაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არგუმენტების მოსასმენად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მედიასთან მანამდე გაკეთებულ კომენტარში, რომელიც  Ipn-ზე გამოქვეყნდა, მიქაუტაძე ამბობს, რომ მას და გვრიტიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ:

“რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, იმ პროცედურაშიც კი, რომელიც ჩვენ გავიარეთ კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, საბჭოს მოქმედ წევრებს – მე და დიმიტრი გვრიტიშვილს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიგვიღია და ეს გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე მიიღეს. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც გვესმის, ეს არის უკვე პროცესების პერსონებზე მორგება, რაც ცალსახად არასწორია და ამას გაეცემა არგუმენტირებული პასუხი”,  – ამბობს მიქაუტაძე.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრი, რომლის კანდიდატურაცაა დასახელებული, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას საკუთარი კონკურენტების შეფასება მოუწევს, რაც კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს:

“თავისთავად ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრი მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, თუ კონკურსი იქნება სამომავლოდ, კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას გამოიწვევს.

თუ კონკურსი იქნება, შეაფასებენ თავიანთ კონკურენტებს. კონკურენცია არსებობს, რადგან ხმის მიცემა ხდება, და თუ კონკურსი იქნება, მნიშვნელოვანია საბჭოს ეს წევრები არ მონაწილეობდნენ, რადგან მათ მოუწევთ საკუთარი კონკურენტების შეფასება. თავისთავად, ეს ინტერესთა კონფლიქტია და ყველა კანდიდატს არათანაბარ პირობებში აყენებს. ნდობა ვერ ექნება პროცესს, როცა იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შენ უნდა შეგარჩიოს როგორც კანდიდატურა, შენი კონკურენტები არიან”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მოსამართლეთა შერჩევა-დოლიძემ და ჯანეზაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი