ახალი ამბები

მოსამართლეთა შერჩევა-დოლიძემ და ჯანეზაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

15 იანვარი, 2019 • 1651
მოსამართლეთა შერჩევა-დოლიძემ და ჯანეზაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. წინადადება 5 პრინციპს მოიცავს, რომელიც საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დროს უნდა დაიცვას.

საკონსუტლაციო ჯგუფის შექმნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.
საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის შემადგენლობით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით:
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი – 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს – 1 წევრს; საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის. კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) მიხედვით.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი. პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისაკენ არის მიმართული. პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.

გასაუბრების ღიად ჩატარება

კანდიდატთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს
შეკითხვა.

გადაწყეტილების კონსენსუსით მიღება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, ღია სხდომაზე.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატთა მცირე ნაწილმა, რომელთა შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, საჯაროდ გააკრიტიკეს იუსტიციის უმაღლესი საჭო იმ ათკაციანი სიისთვის, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. როგორც ბესელია და ფოფხაძე ამბობენ, ამ სიაში წარდგენილი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დამტკიცების პროცესის დაჩქარება სურდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაც მათთვის მიუღებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

მოსამართლეთა ათკაციანი სიის დამტკიცებას ეწინააღმდეგება “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”. თავის განცხადებაში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა იმ  საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

ამ ეტაპზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც იმ კტიტერიუმებსა და პროცედურებს განსაზღვრავს, რის საფუძველზეც კანდიდატთა შერჩევა უნდა მოხდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში არ იციან როდის დაიწყებს სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე მუშაობას.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, პარლამენტი ირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი