BBC წერს, რომ ბრექსიტის მოახლოების გამო მოქალაქეები ე.წ. გადარჩენის კალათას ავსებენ.
სტანდარტული ე.წ. ბრექსიტის ყუთი დაახლოებით 300 ფუნტი ღირს და მოიცავს მშრალად გაყინული საკვების 30-დღიან მარაგს, წყლის ფილტრსა და ცეცხლის დასანთებ გელს.
61 წლის ლინდა მეიოლი ამბობს, რომ “ბრექსიტის ყუთი” დაკონსერვებული საკვებისა და ჰიგიენური მოხმარების ნივთების მარაგის შესავსებად იყიდა, რადგან შიშობს, რომ ბრექსიტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში შესაძლოა ქაოსი იყოს.
გადარჩენის თემატიკის მქონე პროდუქტების გაყიდვაში გამოჩენის გარდა, დისკუსია მიმდინარეობს ინტერნეტში. ათასობით ადამიანი წევრიანდება Facebook-ჯგუფებში, რომლებშიც ბრექსიტის შემდეგ ცხოვრებისთვის პრაქტიკულ სამზადისს განიხილავენ.
ჯეიმს ბლეიკი ამობს, რომ რაც მისმა კომპანია Emergency Food Storage UK-მა გასულ თვეს “ბრექსიტ-ბოქსების” გაყიდვა დაიწყო, 600-ზე მეტი ასეთი ყუთი გაყიდა.
მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი მარაგების გაკეთების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში ხვალ, 15 იანვარს კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას. ტერეზა მეის თქმით, თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, არათუ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების, არამედ საერთოდ ბრექსიტის ჩაშლის საფრთხე დადგეს. ეს კი, ტერეზა მეის თქმით, დემოკრატიისადმი ნდობას შეარყევს.