ახალი ამბები

„ბრექსიტის“ საგა ოფიციალურად სრულდება. რა ხდებოდა და რა მოხდება [მოკლედ]

31 იანვარი, 2020 • 1726
„ბრექსიტის“ საგა ოფიციალურად სრულდება. რა ხდებოდა და რა მოხდება [მოკლედ]

2020 წლის 31 იანვარს, თბილისის დროით ღამის 3 საათზე, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. პირველი თებერვლიდან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის პოლიტიკურ ინსტიტუტებს დატოვებს, თუმცა კარდინალური ცვლილებები მოგვიანებით მოხდება.

როდის გადაწყვიტა სამეფომ ევროკავშირის დატოვება?

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი 1973 წლიდანაა, ხოლო რეფერენდუმი ევროკავშირის დატოვებაზე 2016 წლის ივნისში ჩატარდა. მასზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 72,2% მივიდა, რაც 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მაშინ, „ბრექსიტის“ მხარდამჭერთა რაოდენობამ 51,9% შეადგინა,  თუმცა, თუ უელსსა და ინგლისში უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უმრავლესობას გაერთიანებაში დარჩენა სურდა.

როგორ მიმდინარეობდა „ბრექსიტი“ – მოკლედ

რეფერენდუმის შემდეგ, დაპირებისამებრ, გადადგა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დეივიდ კემერონი, რომელიც სამეფოს ისტორიაში მეორე ქალმა პრემიერმა – კონსერვატორმა ტერეზა მეიმ ჩაანაცვლა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბრექსიტის პროცედურა 2017 წლის მარტში დაიწყო. იმავე წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც კონსერვატორებმა ერთპიროვნული უმრავლესობა დაკარგეს. იმ მომენტისთვის, სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა.

მეის მიერ ბრექსიტის შეთავაზებული პროექტი პარლამენტში რამდენჯერმე ჩავარდა. საბოლოოდ, 2019 წლის 24 ივლისს, მეიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა ჩაანაცვლა. ბრექსიტი მხარეების შეთანხმების შედეგად 2020 წლის იანვრისთვის გადაიდო.

პარლამენტში 2019 წელს ჯონსონის გეგმაც ვერ გავიდა, რის გამოც დეკემბრისთვის მორიგი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც ამჯერად კონსერვატორების წარმატებით დასრულდა – მათ 650 ადგილიდან 365 მოიპოვეს. ჯონსონმა, საბოლოო ჯამში, მოახერხა თავისი გეგმა პარლამენტში გაეტანა.

რა მოხდება 31 იანვრის შემდეგ?

    • გაერთიანებული სამეფო აღარ იქნება ევროგაერთიანების წევრი და, შესაბამისად, დაკარგავს ხმის უფლებას მის ინსტიტუტებში. 2019 წელს ევროპალარმანტში სამეფოდან არჩეული დეპუტატები მანდატებს დაკარგავენ;
    • 2020 წლის 31 დეკემბრამდე არ შეიცვლება სამეფოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობის ფორმატი. იქამდე იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც მხარეები ახალ ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ. გარდამავალ პერიოდში სამეფო ვერ იტყვის უარს ევროპულ რეგლამენტზე და ვალდებული იქნება, ლუქსემბურგში მდებარე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს;
    • გარდამავალი პერიოდის ბოლომდე, ევროკავშირისა და სამეფოს მოქალაქეები გამოიყენებენ გადაადგილებისა და დასაქმების ყველა უფლებას, რომელსაც ევროკავშირის ახლანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი