ახალი ამბები

ეს არ არის სიმართლე – ეკა ბესელია ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს

14 იანვარი, 2019 • 2005
ეს არ არის სიმართლე – ეკა ბესელია ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტარი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს. დეპუტატის მოსაზრებით, მას არ დაურღვევია გუნდურობის პრინციპი. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია რამდენიმე დღის წინ სწორედ გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა.

“ეს არ არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. მე არ ვფიქრობ, რომ გუნდურობის პორინციპი დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძე დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს საკითხი ბევრად ადრე იყო შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც”, – თქვა ეკა ბესელიამ დღეს, 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. ბესელიასვე განმარტებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მთავარი მიზეზი იყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი:

“აქ მთავარია ეს პროცესი, რომელმაც არ უნდა შეიწიროს ღირებულებები და ფასეულობები, რომელმაც არ უნდა დაგვაშოროს იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ პირველი ოქტომბერი მოვიტანეთ და რისთვისაც ხალხმა ჩვენ არაერთხელ მოგვცა ნდობის მანდატი. ამიტომ, ოთახში ვერ გამოიკეტება, ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ იქნებიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან. ამიტომ, განვასხვავოთ, რა არის საკითხები, რომელიც ერთმანეთს ვუთხრათ ხმადალბა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. ეს არის ის საკითხები, რომელიც უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, ვის ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ”, – თქვა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, თანამდებობა ნამდვილად მოსამართლეთა სიის გამო დატოვა და ის არ არის ადამიანი, “რომელიც საკუთარ ხალხს ატყუებს”.

“ჩემი პროფესიული, საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის – ადვოკატის პროფესიული ეთიკა, არასოდეს არ მაძლევდა უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, და მათ შორის, როგორც ადვოაკტი, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები, თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა, ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ პროცესს რაიმეს შემატებს. არასოდეს არ მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან არაერთ საკითხთან”, – ამბობს ეკა ბესელია.


ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.

ბესელია წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი