ახალი ამბები

ბინების ჯამური ფართი 200 კვ/მ-ზე ნაკლებია, რომელიც წარმატებით შეიძლება სულ 1 ბინაც ყოფილიყო – მათიკაშვილი

7 იანვარი, 2019 • 3610
ბინების ჯამური ფართი 200 კვ/მ-ზე ნაკლებია, რომელიც წარმატებით შეიძლება სულ 1 ბინაც ყოფილიყო – მათიკაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი დავით მათიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტებას ავრცელებს ბოლო დღეებში მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

დეპუტატის მიერ 2018 წლის მიწურულს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან და მისმა ცოლმა ნინო მამულაშვილა 2018 წელს შეიძინეს 4 საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან 3 თბილისში მდებარეობს, ერთი კი – ბაკურიანში. ბინებში დეპუტატმა, ჯამში, 120 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, მათიკაშვილმა შეიძინა თხინავლაში არსებული მიწის ნაკვეთის 33.3%. ნასყიდობის ღირებულებად ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია 90 ათასი ამერიკული დოლარი.

დეპუტატი სიცრუეს უწოდებს მისი ქონების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს და განმარტავს:

“სტატიაში საუბარია 4 საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, განგებ არის უტრირება და ხაზგასმა რაოდენობაზე. მესმის, შავი პიარის ტექნოლოგია ასეთია, თუმცა, თუ მასშტაბს დაუკვირდებით, 200 კვ/მ-ზე ნაკლებია 4-ვე ბინის ჯამური ფართი, რომელიც ფართიდან გამომდინარე, წარმატებით შეიძლება სულ 1 ბინაც ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში, სტატიის ავტორები კვადრატული მეტრის საერთო ფართს, “რუსთავი 2-ის” საუკეთესო ტრადიციების მსგავსად, სანტიმეტრებში გადაიყვანდნენ და ისე წარუდგენდნენ საზოგადოებას”, – ასე განმარტავს დეპუტატი ერთი წლის განმავლობაში მის მიერ 4 ბინის შეძენის ამბავს.

გარდა ამისა, მათიკაშვილი ამბობს:

“ფეიკი პირველი – სტატიაში საუბარია, რომ შევიძინე უძრავი ქონება (მათ შორის მიწის ნაკვეთი), მაგრამ არსად წერია, რომ ქონების შეძენა სრულად განხორციელდა 15-წლიანი და 20-წლიანი იპოთეკური სესხების ხარჯზე, რის გამოც მკითხველს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მე არაკეთილსინდისიერად განვახორციელე ქონების შეძენა.

“ფეიკი” მეორე – სტატიაში წერია, რომ თხინვალაში შევიძინე მიწის ნაკვეთი და არსად წერია, რომ ამ მიწის ნაკვეთს ჩემს გარდა კიდევ ორი მესაკუთრე ყავს. შესაბამისად, სტატიაში მე, როგორც მიწის ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე ისე ვარ წარმოჩენილი, ისევე როგორც მის შესაძენად სს “ვი თი ბი” ბანკიდან სამი
თანამსესხებლის (მათ შორის ჩემი) მიერ აღებული კრედიტით გადახდილი მიწის საფასური, სრულად მომაწერეს მე, რაც, სტატიის ავტორის მხრიდან, პირდაპირ ტყუილის აფიშირებას წარმოადგენს.

“ფეიკი” მესამე – სტატიის ავტორმა არ მიუთითა, რომ ჩემს მიერ წინა წელს დეკლარილებული, საბანკო ანაბრის ანგარიშზე რიცხული თანხა ამ წლის დეკლარაციაში აღარ მოხვდა. შესაბამისად, სტატიის ავტორმა ხელოვნურად გააჩინა კითხვის ნიშნები დეკლარაციაში მითითებული ქონების ნაწილის შესაძენად გაღებული სახსრების წარმომავლობაზე. ობიექტური პირისთვის ნათელია, რომ ქონება ანაბარზე რიცხული თანხით იქნა შეძენილი”, – წერს დეპუტატი.

დავით მათიკაშვილის თქმით, მისი ქონების შესახებ “გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება” და ის გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საკუთარი თავისა და ოჯახის დასაცავად.

დავით მათიკაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი