მოქალაქე ლექსო სამხარაძე წერს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა უჩივლა. საქმე ეხება სამი დღის წინ, 2 ივნისს მომხდარ ინციდენტს, ის მათიკაშვილს ქუჩაში შეხვდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მომხდარის ამსახველი ვიდეო თავად სამხარაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ მათიკაშვილი თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი საკონდიტროში შედის. მის დანახვაზე სამხარაძე იწყებს ცნობილ საპროტესტო სიმღერას “ოლე, ოლა”. საპასუხოდ მათიკაშვილმა მას შეაგინა.
“წადი, მომწყდი აქედან რა”
“წადი, გადაშენდი რუსეთში”
როგორც სამხარაძე წერს, ინციდენტის შემდეგ მას მათიკაშვილი თანმხლებთან ერთად მანქანით აედევნა.
“ამ ვიდეოს მერე ამეკიდნენ მანქანით და შეურაცხყოფა მომაყენეს, რაზეც მტყუნის დედა მოვიკითხე, ამაზე მანქანიდან საჩხუბრად გადმოხტა მძღოლი, ეგონა, გავიქცეოდი თუ რა იყო, არ ვიცი. მაგისკენ რომ გავეშურე, ისევ ჩახტა მანქანაში. მათიკაშვილი დამფრთხალი მაგინებდა მანქანიდან, ამიტომაც ვიქტორ ჯაფარიძეზე უარეს დღეში ჩავყარე და გაიქცნენ. რუსებისადმი და ქოცებისადმი მიმღებლობა, ან შეგუება არასოდეს არ გვექნება ქართველებს”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის ამბობს, მოლოდინი აქვს, რომ მას დააჯარიმებენ, ან დააპატიმრებენ. მას ამ მოლოდინს უქმნის რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ორი სტუდენტის გოგოს, თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის 12-12-დღიანი პატიმრობა და აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის 4000 ლარით დაჯარიმება.
“ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია. წინა დღეებში უკვე ჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები რეჟიმს დატყვევებული იგივე ბრალით. ასე რომ, ჩემ მიერ განხორციელებული ქმედება იყო სრულად გააზრებული და შედეგიც როგორი დადგებოდა, ვხდებოდი/ვხვდები. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”, – წერს სამხარაძე.