საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი 2018 წლის 15-18 ნოემბერს ქალაქ კაიროში იმყოფებოდა, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტშორისო ასამბლეის [IAO] საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომა გაიმართა. „ზემოაღნიშნული მივლინების საერთო ხარჯმა შეადგინა 7 350 ლარი“, – მოგვწერეს საქართველოს პარლამენტიდან ოფიციალურად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად.
ზაქარია ქუცნაშვილის არაბთა რესპუბლიკაში მივლინებაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 3 037 ლარი დახარჯულა. მათ შორის მგზავრობაზე 2 430 ლარი, ხოლო დღიური ხარჯი – 607 ლარი. დანარჩენი ხარჯები, როგორც პარლამენტიდან გვაცნობეს – „დაფინანსებულია მიმწვევის ან დონორის მიერ“.
ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მივლინებაში იმყოფებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია ფერაძე. მასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები პარლამენტმა პერსონალურ მონაცემად მიიჩნია. შესაბამისად, არ მოგვაწოდა.
ლია ფერაძის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, კაიროში „სხდომას ესწრებოდნენ დეპუტატები საქართველოდან, საბერძნეთიდან, სუდანიდან, სომხეთიდან, იორდანიიდან, კვიპროსიდან, რუსეთიდან, ლიბიიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, პალესტინიდან“.
რას განიხილავდნენ კაიროში? – ლია ფერაძის ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს მსოფლიოში ქრისტიანთა შევიწროების ფაქტებზე, ხოლო „იორდანიელმა და პალესტინელმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ პალესტინაში ქრისტიანთა არსებობა, ისე როგორც კოპტი ქრისტიანების ეგვიპტეში, საფრთხის წინაშე დგას“.
რუსეთის დელეგაციის წევრებს გაუკრიტიკებიათ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. „კონსტანტინე ზატულინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხებზე და განაცხადა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნომ უნდა დაგმოს დედა-ეკლესიის გახლეჩის საკითხი“.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველს, ვალერი ალექსეევს კი „სამდურავი გამოუთქვამს“ IAO-ს პასიური პოზიციის გამო უკრაინაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. „მან დადებითად შეაფასა მოსკოვის პატრიარქის გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის თაობაზე, აღნიშნა რა ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელ შედეგზე. ალექსეევის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აქტიურად დაუჭირა მხარი სომხეთის დელეგაციის წევრმა დეპუტატმა არტაშეს გეგამიანმა, რომელმაც აქცენტი გადაიტანა ამერიკის შეერთებული შტატების, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ „წაქეზებაზე“ უკრაინელებთან მიმართებაში“, – წერს ლია ფერაძე ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.
ლია ფერაძის თქმით, „ეს გახდა მეცნიერებათა დოქტორ კოსტას მიგდალისსა და კონსტანტინ ზატულინს შორის კამათის მიზეზი“.
როგორც ლია ფერაძე აღნიშნავს, ზაქარია ქუცნაშვილი ამ კამათში არ ჩართულა, „იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაციის მიერ წამოჭრილი საკითხი არ დამდგარა კენჭისყრაზე და შემოიფარგლა მხოლოდ მოსაზრებების დაფიქსირებით, ქართულმა დელეგაციამ თავი შეიკავა კამათში მონაწილეობისგან“.
ლია ფერაძის ინფორმაციით, გარდა ამისა, მაგალითად, IAO-ს გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, ანდრეას მიხაილიდისმა ეგვიპტელ ხალხს მიუსამძიმრა „ცოტა ხნის წინ კოპტ მომლოცველებზე კაიროსთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი…
ეგვიპტის დეპუტატმა ნაგიბ ჰეინიმ აღნიშნა, რომ ეგვიპტეში ბევრია ადგილი, რომელიც დალოცვილია წმინდა ოჯახის მიერ [მოგეხსენებათ, იესოს ოჯახი გარკვეული ხანი ცხოვრობდა ეგვიპტეში]. მისი თქმით, ეგვიპტელი ქრისტიანების რაოდენობა განახევრებულია და შეადგენს მოსახლეობის 15%-ს, რომლებიც უჩივიან დისკრიმინაციას მუსლიმური უმრავლესობის მხრიდან“.
საერთაშორისო სამდივნოს წევრებმა იმსჯელეს და დაგეგმეს IAO-ს აქტივობების ნუსხა, „სადაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა 2017 წლის რომის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებას ასამბლეის საქართველოში ჩატარების თაობაზე. ზაქარია ქუცნაშვილმა კი ამ სხდომაზე „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პარლამენტის მზადყოფნა მომავალ წელს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“.
ლია ფერაძის ინფორმაციით, საქართველო მრავალი წელია ითხოვდა „ქრისტიანულ სამყაროში ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის მასპინძლობის უფლებას“, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, რელიგიური ტურიზმის განვითარებას და „შექმნის ახალ პლატფორმას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე საერთაშორისო დონეზე სამუშაოდ“.
მართლმადიდებლობის საპარლამენტშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილია.
საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს.