ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

31 დეკემბერი, 2018 •
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. გედევან ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა. სწორედ გედევან ფოფხაძე შეასრულებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელმაც განცხადება გადადგომის შესახებ 27 დეკემბერს გააკეთა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურები წარადგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ვინაიდან პირველტურში  ვერც ერთმა კანდიდატმა  ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გაიმართა მეორე ტური, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილსკომიტეტის ორმა  წევრმა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ  პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

თანაგუნდელთა ნაწილი ბესელიას პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.

ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა. მანვე თქვა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა გადადგომაზე განცხადება დაწერა. როგორც ბესელიამ თქვა, ის ვერ დაუშვებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა ზარდიაშვილს შეესრულებინა. 

ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საჯაროდ გაცხადებული მიზეზი, რის გამოც ქართულ ოცნებაში ბოლო პერიოდში დაპირისპირება გამწვავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი