ახალი ამბები

სანდრო ბარამიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

24 დეკემბერი, 2018 • 2452
სანდრო ბარამიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე სანდრო [ალექსანდრე] ბარამიძე პოლიტიკურ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პარტიამ დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა.

“თავისუფალი დემოკრატები” სანდრო ბარამიძეს უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტს, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტ დამცველს უწოდებს. პარტიის განცხადებით, სანდრო ბარამიძისა და მათი ღირებულებები სრულად თავსებადია.

“ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, “თავისუფალმა დემოკრატებმა” შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანდრო ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2018 წლის ივნისიდან აღარ არის. იუსტიციის სამინისტროს არ განუმარტავს, თუ რატომ არ გააგრძელა ბარამიძემ მუშაობა წულუკიანის მოადგილის პოსტზე მამუკა ბახტაძის მთავრობის პირობებში. პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

მოგვიანებით, სანდრო ბარამიძემ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გააკრიტიკა და მას “ძალაუფლებისთვის მებრძოლი ავტოკრატი” უწოდა.

სანდრო [ალექსანდრე] ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან კი ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ბარამიძე ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი იყო. 2004-2011 წლებში იგი მუშაობდა ადვოკატად კს “ანდრონიკაშვილი და პარტნიორებში”.  ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც იყო 2012 წელს, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი