ახალი ამბები

პარტიისთვის პოზიტიური სიახლეა — წულუკიანი “თავისუფალი დემოკრატებიდან” ლიდერების წასვლაზე

20 აგვისტო, 2020 • 1191
პარტიისთვის პოზიტიური სიახლეა — წულუკიანი “თავისუფალი დემოკრატებიდან” ლიდერების წასვლაზე

იუსტიციის მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, თეა წულუკიანი, პარტიიდან ლიდერების წასვლას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად “თავისუფალი დემოკრატების” წევრი აღარაა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიის ქოლგის ქვეშ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული პირები არ იყვნენ.

დღეს, 20 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია დატოვეს.

წულუკიანის თქმით, “თავისუფალი დემოკრატებიდან” აღნიშნული ლიდერების წასვლა პარტიისთვის პოზიტიური სიახლეა.

“თავისუფალი დემოკრატები” არის ჩემი ყოფილი პარტია, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოფილი პარტიაა და იქ დაბრუნებას არასდროს არ ვაპირებ, რომ ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათთან აფილირებული პირები. თვითონ პარტიისთვის პოზიტიური სიახლეა, დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი განსახილველი არ არის. იმიტომ, რომ მეც და მთლიანად ჩვენი გუნდი მობილიზებული ვართ სწორედ იმ ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთვის, რომელიც არის დღევანდელ პეიზაჟზე “ქართული ოცნება”, — განაცხადა წულუკიანმა.

როგორც შალვა შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, განმარტა,  პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.

შავგულიძემ ასევე განმარტა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება „პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“.

ამავე ბრიფინგზე შავგულიძემ განაცხადა, რომ პარტიას მასთან ერთად ტოვებენ სხვა ლიდერებიც – ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე. ასევე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი –  გიორგი ქიტიაშვილი.

„პარტიიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს შავგულიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი