ახალი ამბები

გახარია: არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ

21 დეკემბერი, 2018 • 1535
გახარია: არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, მ.კ-ს  მიმართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილე მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი საფუძველი შსს-ს არ აქვს.

გახარიას თქმით, უწყება ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს:

“[…] რაც შეეხება მკ-ს ნაწილს, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვმუშაობთ ძალიან აქტიურად”, – თქვა შს მინისტრმა, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც მოკლული დავით სარალიძის მამა საქმის სათანადო გამოძიებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გამოვლენასა და დასჯას უშედეგოდ ითხოვს.

საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნით თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციებიც იმართებოდა. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისიაც, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით დასკვნები მოამზადა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი