ახალი ამბები

ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს – ვაშაძე

17 დეკემბერი, 2018 • 1485
ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს – ვაშაძე

დღეს, 17 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე ახალი მოთხოვნა წაუყენა ხელისუფლებას, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავიდან ბოლომდე შეცვლა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხვალიდან გაერთიანებული ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს, რომლებიც არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული გზით; თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია; ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში; “ბღუჯა-ბღუჯა მინისტრი” რომ ჰყავდათ, იმის გამოთქმა რომ გავიხსენოთ, მოვითხოვთ ყველა კომისისი წევრის დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში; კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, ვინც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორი; კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა; კატეგოირულად მოვითხოვთ იმ ვითომ პოლიციელების დასჯას, რომლებსაც ამ სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ ჩაბარებული,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, პერმანენტული საპროტესტო აქციების შესახებ მხარდამჭერებს ინფორმაციას დღეს საღამოს მიაწვდიან:

“ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება ეს. ამას ჩვენს მხარდამჭერებს შევატყობინებთ საღამოს, ხვალ ყველაფერი გეცოდინებათ. ის კრიმინალური მეთოდები და ის კრიმინალური შედეგები, რითიც ამ ხელისუფლებამ მართა ქვეყანა, დასრულდა გუშინ. ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომელიც, ხაზს ვუსვამ, იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. ყოველი მცდელობა ხელისუფლების, შეგვიზღუდოს ეს უფლებები, მიიღებს საზოგადოების მკაცრ პროტესტს.”

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ომბუდსმენის განცხადება ადასტურებს იმას, რომ იპოზიციის პოზიცია არის გამჭვირვალე და სუფთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი