საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით”, – აღნიშნავს ომბუდსმენი და აქვე დასძენს:
“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს”.