ახალი ამბები

მმართველობის როგორ მოდელზე გადადის საქართველო 16 დეკემბრიდან – დეტალები

15 დეკემბერი, 2018 • 7008
მმართველობის როგორ მოდელზე გადადის საქართველო 16 დეკემბრიდან – დეტალები

16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორთა თქმით, ქვეყანა კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მთავრობის საქმიანობას კონტროლს უწევს და სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ამიერიდან პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით – 300 პირისგან  დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა. კოლეგია, თავის მხრივ, პარლამენტის 150 დეპუტატის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან დასახელებული წევრებისგან დაკომპლექტდება.

გამარტივებულია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულზე გადასვლის გზით იცვლება  საარჩევნო სისტემა, თუმცა იმ დათქმით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში კი თავდაცვის საბჭო შეიქმნება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის სრულად ამოქმედების გარდა, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ძალაში შედის პარლამენტის ახალი რეგლამენტიც და საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადადის.

რეგლამენტში ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

ახალი რეგლამენტით, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, კომიტეტის სხდომებს დაესწროს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე პირის მოწვევა ხდება დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ფრაქციის ფორმატში მინისტრების მოწვევა შესაძლებელი აღარ იქნება.

პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურორი და სუს-ის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.

პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, მოისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც პლენარული სხდომა იხურება.

პარლამენტის სასესიო მუშაობის განუყოფელი ნაწილი ხდება მინისტრის საათი, რაც გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი კომპონენტის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. მინისტრის სიტყვით გამოსვლას თან მოსდევს დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართება პოლიტიკური დებატები. პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთი მინისტრის საათი მაინც უნდა შედგეს.

პარლამენტის წევრი ასევე უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, შემოდის ინტერპელაციის წესიც, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე, შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინონ პლენარულ სხდომას.

პრემიერ-მინისტრის მიერ პლენარულ სხდომაზე როგორც მოხსენების, ისე ანგარიშის წარმოდგენა პოლიტიკურ დებატებსაც გულისხმობს.

ახალი რეგლამენტის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომლის როლი და დანიშნულება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით გაზრდილია.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, სიახლეა საკანონმდებლო დონეზე ოპოზიციის ტერმინის განმარტება. ოპოზიციად ჩაითვლება პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას საჯაროდ ან წერილობით არ უარყოფს.

ასევე, გაზრდილია პლენარული სხდომების დღეების ოდენობა, კერძოდ, პლენარული სხდომები ჩატარდება შესაბამისი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ხოლო ამავე კვირის ორშაბათს, პლენარული სხდომა შეიძლება ჩატარდეს ბიუროს გადაწყვეტილებით.

მარტივდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

[red_box]

კონსტიტუციონალისტების მოსაზრებები

[/red_box]

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედი, არასრულია და ქვეყანა ოდესმე საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მიუბრუნდეს, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

“ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან საქართველო გადადის ტრადიციული, კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე, რომელშიც ფორმალურად წამყვანი როლი პოლიტიკის განხორციელებაში უნდა ჰქონდეს მთავრობას, პარლამენტის საკონტროლო ფუნქცია გაძლიერებულია, ხოლო პრეზიდენტი აშკარად შებოჭილია როგორც პარლამენტის, რომელიც ამტკიცებს მის თითქმის ყველა სამართლებრივ აქტს, ისე მთავრობის მხრიდან, რომლის წარდგინებით, თანხმობით, შეთანხმებით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს”, – უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ყველა რედაქცია, რომელიც 1995 წლიდან შეიქმნა, ხარვეზიანია და ტოვებს დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას, ვინაიდან განსაზღვრული არ არის საქართველოს ტერიტორიული მოწყობა.

“არის ნორმები, რომლებიც გვეუბნება, რომ ამას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც სრულად აღდგება ჩვენი იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მეორე საკითხი, რომლის კონსტიტუციაში ასახვას სულ ვცდილობ, არის ორპალატიანი პარლამენტი. ჩემი აზრით, საპარლამენტო სისტემა ეფექტურია, როდესაც შიდა დაბალანსებაც არსებობს. შიდა დაბალანსება კი შესაძლებელია ფართო მანდატის მქონე, პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტისა და სენატის მეშვეობით. ორპალატიანი პარლამენტისა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, საპარლამენტო რესპუბლიკა ეფექტური იქნება საქართველოშიც”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ავთანდილ დემეტრაშვილმა.

პრემიერის ვალდებულება, რომ მივიდეს პარლამენტში, პარლამენტის 1/3-ის უფლება, შექმნას საგამძიებო კომისია, ინტერპელაციის წესი და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გამარტივებული პროცედურა – ეს ის საკითხებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის აზრით. მმართველობითი სისტემის მიმართულებით განხორციელებული ამ ცვლილებების გარდა, მენაბდის აზრით კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებების ნაწილში.

რაც შეეხება მმართველობის მოდელს, მენაბდე ამბობს, რომ სანამ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება, ანუ 2024 წლამდე, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად ვერ ჩაითვლება.

“ჩემს ამ აზრს ზურგს უმაგრებს რამდენიმე ძალიან ცნობილი უცხოელი კონსტიტუციონალისტი, რომლებიც მიუთითებენ, რომ ვიდრე პრეზიდენტი არის არჩეული ხალხის მიერ, ქვეყანა ვერ იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა. საუბარია ლეგიტიმაციის წყაროზე. საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთადერთი პარლამენტია, ვისაც ხალხმა მიანიჭა პირდაპირ ლეგიტიმაცია. თუ საკანონმდებლო ორგანოც და პრეზიდენტიც ხალხისგან პირდაპირი ლეგიტიმაციით სარგებლობს, მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, მაგრამ დამატებითი კრიტერიუმები არის საჭირო იმის განსასაზღვრად, ნახევრად საპრეზიდენტოა თუ საპრეზიდენტო ასეთი მმართველობა. ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკასაც თვისი ქვეტიპები აქვს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ვახუშტი მენაბდე.

ავთანდილ დემეტრაშვილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ამტკიცებს რა, რომ 16 დეკემბრიდან  საქართველო  გადახრილი საპარლამენტო რესპუბლიკიდან კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადადის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული, თუ – ირიბი. ამასთან, დემეტრაშვილი ხაზს უსვამს, რომ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს წარმოადგენს ავსტრია, სადაც ისევე როგორც საპარლამენტო რესპუბლიკათა 2/3-ში, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი