ახალი ამბებიკომენტარი

ჩვენ თქვენგან უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას – საჯად კარიმი

11 დეკემბერი, 2018 • 3337
ჩვენ თქვენგან უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას – საჯად კარიმი

ევროკავშირი 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. 28 წევრი სახელმწიფოს 500-მილიონიან მოსახლეობას ევროპარლამენტში ამ დროისთვის 751 დეპუტატი წარმოადგენს. ბრექსიტის შემდეგ ეს რიცხვი  705-მდე შემცირდება.

ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ აიცილონ თავიდან კრემლის ჩარევა არჩევნებში და გაუმკლავდნენ რუსულ პროპაგანდას. “ნეტგაზეთი” ესაუბრა ევროპარლამენტის წევრს გაერთიანებული სამეფოდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ბრექსიტის რეფერენდუმი რუსეთიდან ფინანსდებოდა და მოსკოვი გააგრძელებს ევროპის დეზინტეგრაციის მცდელობას.  

“ევროპარლამენტის არჩევნები მომავალ წელს უდიდესი პროპაგანდის გამოცდის წინაშე აღმოჩდნება. ეს პროპაგანდა მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა სხვადასხვა წევრი ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში და ახლა ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს ევროკავშირის არჩვენებისთვის და შეეცდება წაახალისოს უკიდურესად მემარჯვენე ან მემარცხენე ექსტრემისტები. ზოგიერთ ქვეყანაში ეს იქნება ულტრამემარჯვენეები, ზოგან – ულტრამემარცხენეები. ეს ყოველივე ორკესტრირებულია მოსკოვში. ბატონი პუტინი პირდაპირ პასუხისმგებელია ამ პროპაგანდის გაშვებაზე”, – აცხადებს საჯად კარიმი.

კარიმი ამბობს, რომ თუ დიდი რაოდენობით ექსტრემისტი პოლიტიკოსი იქნა არჩეული ევროპის პარლამენტში, ეს აისახება პოლიტიკაზეც და მოქალაქეები ნელ-ნელა დაკარგავენ არაერთ ლიბერალურ ევროპულ უფლებასა და ცხოვრების გზას, რომელიც დღეს საჩუქრად აქვთ მიღებული.

იმის მაგალითად, რომ რუსეთი ევროპაში ექსტრემალურ ძალებს ახალისებს, საჯად კარიმი ასახელებს ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის მიერ რუსული ბანკებიდან იაფი სესხის აღებას; მემარჯვენე ევროსკეპტიკური პოლიტიკური ჯგუფის, EFD-ის დაფინანსებას გერმანიაში. ასევე, რუსულ კვალს არ გამორიცხავს იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

“დასავლეთ ევროპული ქვეყნები ძალიან მიამიტები ვიყავით, ვფიქრობდით რა, რომ ამ ტიპის აქტივობები ვერ მოახდენდენენ ინფილტრაციას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში; რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემები საკმარისად მდგრადი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ დაცვა სჭირდებოდა. მაგალითად, ბრექსიტი ძირითადად ფინანსდებოდა ერთი წყაროდან – აარონ ბენკსის დონაცია 6 მილიონი ფუნტს შეადგენდა. ეს იყო  ყველაზე მსხვილი შემოწირულობა ერთი პირის მიერ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. დღეს უკვე ნათელია, რომ მას არ ჰქონდა რეალური რესურსები. ასე რომ, ჩნდება კითხვა – საიდან მოვიდა ეს ფული? ახლა აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც პოტენციურად ვდგავართ გაერთაინებული სამეფოს დაშლის საფრთხის წინაშე – ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფისა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის გზით. ეს არის პუტინის თამაში. სწორედ მას სურს, შეცვალოს მსოფლიო პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სარგებელს იღებს სუსტი ევროპის კავშირისგან – ეს არის რუსეთი; ერთადერთი, რომელიც სარგებელს იღებს გაერთიანებული სამეფოს დეზინტეგრაციისგან – არის რუსეთი; ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სარგებელს იღებს არეულობისგან შეერთებულ შტატებში, არის რუსეთი”, – ამბობს კარიმი.

მისივე თქმით, დასავლეთს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი,  პირიქით, უნდა გააძლიეროს საკუთარი თავი როგორც ტექნოლოგიურად, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

“იცით, ამ ტიპის საუბარი რომ მქონოდა გაერთიანებულ სამეფოში, დღესაც კი იფიქრებდნენ, რომ მე კონსპირაციული თეორიის მომხრე ვარ. არადა, კონსერვატორი ვარ – ყველაზე მეტად არაკონსპირაციული, ვიდრე ვინმე შეიძლება იყოს. მაგრამ მე ვცდილობ ავხსნა, რა არის რეალობა. რუსულ პროპაგანდასთან ბძროლა ძალიან რთულია. გაერთიანებულ სამეფოში გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ მსოფლიოს იმ ნაწილისგან, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. რადგან თქვენ აწყდებით ამ პროპაგანდას მრავალი წელია და შეგიძლიათ ექსპერტული რჩევები გაგვიზიაროთ, როგორ შეიძლება დავძლიოთ ის”, – ამბობს საჯად კარიმი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ბრექსიტი საერთოდ არ შედგეს, ხოლო თუ გაერთიანებული სამეფო მაინც დატოვებს ევროკავშირს, იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს საქართველოსთვისაც დანაკლისი იქნება, ვინაიდან გაერთიანებული სამეფო საქართველოს ევროინტეგრაციის დიდი მხარდამჭერია. 

“დიახ, ეს ერთ-ერთი სამწუხარო დანაკარგი იქნება, თუ ბრექსიტი საბოლოოდ მოხდება. ბევრი ქვეყანა ზუსტად იმავეს ამბობს, რომ “ბრიტანეთი იყო ჩვენი ჩემპიონი ევროკავშირის დონეზე”. ვისთვის ასეთი ჩემპიონი საფრანგეთია, ვისთვის – გერმანია, იტალიას თავისი მეგობრები ჰყავს… თუ ჩვენ არ ვიქნებით ევროკავშირში, ჩვენ აღარ ვიქნებით [მოლაპარაკების] მაგიდასთან და ჩვენც თქვენსავით დამოკიდებული გავხდებით სხვა მეგობრებზე ევროპული ოჯახის შიგნით, რომ ისინი დაიცავენ ჩვენს ინტერესს. ასე რომ, დიახ, მე ვაანალიზებ ამ დანაკარგს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გადაწყვეტილი. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ბრექსიტის სცენარი. სრულიად შესაძლებელია, რომ ბრექსიტი არ მოხდეს”, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი