ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია – რადას დეპუტატი თბილისში დაკავებულებზე

3 დეკემბერი, 2018 • 1569
დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია – რადას დეპუტატი თბილისში დაკავებულებზე

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი უკრაინის მოქალაქეების დაკავებას პროვოკაციას უწოდებს. სიმიონ სემენჩენკო ირწმუნება, რომ ამ ადამიანების დაკავება ქართული და უკრაინელი სპეცსამსახურების შეთანხმებით მოხდა და მიზანი ქართველი ამომრჩევლის დაშინება იყო.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს. პირველის თანახმად, საქართველოსა და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. მათ სურთ ქართველი ამომრჩევლის დაშინება, თითქოს ვიღაც უკრაინელი მებრძოლები ქვეყანაში საზარელი მიზნებით ჩამოვიდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ. ისინი უკეთესი ქვეყნისთვის იბრძვიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიჭები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათ ქვეყნის ნახვა უნდოდათ,” – აცხადებს სიმიონ სემენჩენკო. მისი კომენტარის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

“კიევი პოსტის” ინფორმაციით, 2 დეკემბერს თბილისში  ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 6 მოქალაქის დაკავების ფაქტზე უკრაინის საკონსულო ინფორმირებულია. საკონსულო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული მხარე სამართლებრივ პროცესს დააკვირდება. მისივე თქმითვე, ამ საკითხზე კონსული უკვე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

უკრაინის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ილია კივამ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, სემენჩენკოს დაკავებაც იგეგმებოდა, თუმცა რადას დეპუტატის დაკავება მისი დიპლომატიური პასპორტის გამო ვერ მოხდა. თავად სემენჩენკო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ დაკავებული უკრაინელები ოპოზიციის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ გეგმავდნენ.


2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში” უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

“სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს ასევე ამბობს, რომ ადგენს, “არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი