ახალი ამბები

ODIHR საქართველოს არჩევნებზე 378 დამკვირვებლის მობილიზებას გეგმავს

11 სექტემბერი, 2020 • 738
ODIHR საქართველოს არჩევნებზე 378 დამკვირვებლის მობილიზებას გეგმავს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) გეგმავს, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისიის მოდიფიცირებას არ გამორიცხავს.

ODIHR-ის მისიის ეს მოცულობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა წლების პრაქტიკისგან.

“არჩევნებზე დაკვირვების ჩვენს მეთოდოლოგიაში ცვლილებები არ არის. თუმცა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოგზაურობის შემზღუდავი ზომების გამო, შესაძლებელია, მოგვიანებით სადამკვირვებლო მისიის მოდიფიკაცია დაგვჭირდეს”, – მიწერეს “ნეტგაზეთს” ODIHR-ის ოფისიდან.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა არჩევნებზე. როგორც წესი, ODIHR-ს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის დელეგაციები უერთდებიან. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია წინასწარ შეფასებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 24 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. ცესკო-ს ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის რეგისტრირებულია მხოლოდ ორი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია:

  1. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
  2. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება” (ISHR)

ამ თემაზე:

NDI-ის საერთაშორისო მისია არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი