ახალი ამბები

ეუთო/ოდირის ანგარიში გახლავთ არჩევნების შედეგების აღიარება – თალაკვაძე

1 ნოემბერი, 2020 • 2410
ეუთო/ოდირის ანგარიში გახლავთ არჩევნების შედეგების აღიარება – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ეუთო/ოდირის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არჩევნების შედეგების აღიარებაა.

“ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებში და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

“ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება – ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული”, – დასძინა თალაკვაძემ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა,  ამომრჩევლებზე ზეწოლამ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებაში. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ეუთო/ოდირის მისია არჩევნებს შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლებით აკვირდებოდა. თავდაპირველად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავდა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოეგზავნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.

“საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ-პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმატი ლიმიტირებული მისიით ექსპერტებისა და გრძლევადიანი დამკვირვებლების მონაწილეობით”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

უბნებთან შევამჩინეთ კოორდინატორები, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა – ODIHR

მასალების გადაბეჭდვის წესი