ახალი ამბები

ტვ პირველი: ჩვენს ჟურნალისტს გლდანში მუშაობისას ხელი დაარტყეს

28 ნოემბერი, 2018 • 2746
ტვ პირველი: ჩვენს ჟურნალისტს გლდანში მუშაობისას ხელი დაარტყეს

ტელეკომპანია “პირველი” აცხადებს, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობისას ხელი დაარტყეს. როგორც წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ თქვა, ჩაფიჩაძე თბილისში, გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაღებას, რეგიონებში ავტობუსით როგორ გადაჰყავთ ამომრჩევლები. მას სწორედ ამ დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დიანა ტრაპაიძის თქმით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა უკვე გამოიძახა პოლიცია. ადგილზე ტელეარხის სხვა გადამღები ჯგუფიც მიემართება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ ნატა ძველიშვილმა “პირველის” ეთერში თქვა, რომ ბოლო პერიოდში ერთადერთი პროგრესი, რაც მედიის მიმართულებით არსებობდა, იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ საარჩევნო პერიოდში არ ყოფილა.

“იმედი მაქვს, ეს ინციდენტი იქნება ერთადერთი და გამონაკლისი ამ საარჩევნო პერიოდში”, – თქვა ძველიშვილმა.

თავად ჟურნალისტმა თათია ჩაფიჩაძემ პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირემა, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ნაცების ამოსაძირკვად” იყვნენ მისული. აღნიშნულ პირები ორგანიზებას უწევდნენ ავტობუსებით ამომრჩევლების რეგიონებში გადაყვანას. მათი გაღიზიანება გამოიწვია კითხვამ, თუ ვისი დავალებით აგროვებდნენ ამომრჩევლებს.

საქართველოში დღეს, 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც მოქალაქეებმა არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა დ აგრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი