“ის ნორმები, რომლითაც სასამართლომ უგულავა მერობიდან გადააყენა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ შუამდგომლობა, რომ უგულავა თანამდებობაზე აღადგინონ”, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება 2013 წლის 22 დეკემბერს შეუჩერდა. მის მოვალობებს სევდია უგრეხელიძე ასრულებს. 23 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.







