ახალი ამბები

საპატრიარქოს მოწოდება მრევლს 17 მაისთან დაკავშირებით

16 მაისი, 2014 • • 1475
საპატრიარქოს მოწოდება მრევლს 17 მაისთან დაკავშირებით

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მომქმედ ტაძარში 12 საათზე აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედა ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ კი მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმ. სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და 12 სთ-დან დღის ბოლომდე დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები: ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს, მიეცეთ შესაძლებლობა, ემთხვიონ მათ და დაილოცონ მათი მადლით. მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავისი შვილები თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები.

 

მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს, – მშობლებსაც და შვილებსაც. იგივეს აღასრულებენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები თავის ეპარქიებში. ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეკლესიისთვის საქართველოში ჰომუსექსუალობის “ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება” მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს”:

 

“პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღვწის მისი გამოსწორებისათვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რადგან ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს; ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია, დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისაგან. შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და, საერთოდ, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებენ ქუჩაში მსვლელობებს; საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

epa03551947 Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia, is seen during his meeting with Russian President Vladimir Putin (not pictured), in Novo-Ogaryovo residence outside Moscow, Russia, 23 January 2013. Vladimir Putin reportedly thanked Catholicos Patriarch Ilia II of All Georgia for his contribution to maintenance of spiritual contacts between the people of Russia and Georgia.  EPA/MAXIM SHIPENKOV / POOL
epa03551947 Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia, is seen during his meeting with Russian President Vladimir Putin (not pictured), in Novo-Ogaryovo residence outside Moscow, Russia, 23 January 2013. Vladimir Putin reportedly thanked Catholicos Patriarch Ilia II of All Georgia for his contribution to maintenance of spiritual contacts between the people of Russia and Georgia. EPA/MAXIM SHIPENKOV / POOL

მასალების გადაბეჭდვის წესი