ისიც დაისჯება, ვინც ეს გამოიყენა საარჩევნოდ – გახარია ლაშა ნაცვლიშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესა და POST TV-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლაშა ნაცვლიშვილს, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას შეღავათი გაუწია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 18 ნოემბერს გაავრცელა, სავარაუდოდ, პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელზეც სწორედ ავტომობილის საჭესთან მყოფი ლაშა ნაცვლიშვილია აღბეჭდილი.

“ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ  შემდეგი – ყველა, ვინც  კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის – იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს – იქნება დასჯილი. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი,” – ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ყველა დაისჯება თანამდებობის მიუხედავად, ვინც კანონი დაარღვია, და ეს ფაქტი მისთვის არის “შემზარავი”.

“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად POST TV-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ  მდგომარეობაში მართავს მანქანას. “კურიერის” ინფორმაციით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე  არის გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სახიფათოდ მოძრავი მანქანა პირველად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა, შავ მერსედესს დადევნებოდა.

“კურიერის” წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მით უმეტეს, დაჯარიმებაზე.

“კურიერში” სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილმა აღიარა, რომ ავტომობილს ნამდვილად მთვრალი მართავდა.

“ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა”, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.