თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოცნების აქტიური მხარდამჭერი ლაშა ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობისთვის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.
სხდომას არც ლაშა ნაცვლიშვილი დასწრებია და არც მისი წარმომადგენელი.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირის, ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, მიტროპოლიტ იობისადმი მისი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო დაიწყო, რაც შსს-მ, კერძოდ სქროლვა-სქრინვად წოდებულმა სამმართველომ წვრილმანი ხულიგნობად დააიდენტიფიცირა.
ლაშა ნაცვლიშვილის საქმის გაძღოლა მოსამართლე მანუჩარ ცაცუას დაეკისრა, რომელიც, როგორც წესი, საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 41-ე დარბაზში განიხილავს.
„იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, – მიმართა მიტროპოლიტ იობს ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალური ქსელიდან.
„[პოსტზე] მონიშნული იქნა შსს, რასაც მოჰყვა მყისიერი რეგირება. დათვალიერდა სადავო პოსტი, სცდებოდა გამოხატვის თავისუფლებას, იძენდა სამართალდარღვევის ხასიათს. […] ჯარიმა სრულად უზრუნველყოფს სახდელის მიზნებს“, — განაცხადა შსს-ს წრმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ სასამართლოში და ხაზი გაუსვა დიდი გამოხმაურებას საზოგადოებაში, რაც, მისი თქმით ადასტურებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, თუმცა რამდენადაც ლაშა ნაცვლიშვილს არ უფიქსირდება სხვა სამართალდარღვევა, შსს-მ ჩათვალა, რომ ჯარიმა სავსებით საკმარისია.
10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.
„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.
მიტროპოლიტის ქადაგებას რეაქციები მოჰყვა თავად „ქართულ ოცნებაში“ და მისი სიტყვები უპასუხისმგებლო განცხადებად მოიხსენიეს.
ლაშა ნაცვლიშვილი ერთ დროს „ქართული ოცნების“ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. მიიჩნევა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. არის პროპაგანდისტული POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ის მართავს ფეისბუკზე ტროლ-ანგარიშს ქეთევან მიქიაშვილის სახელით, თუმცა ამას ნაცვლიშვილი კატეგორიულად უარყოფს.
მიტროპოლიტ იობისადმი მის გინებას არაერთი სასულიერო პირი გამოეხმაურა, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც.
სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველო, რომელსაც მოქალაქეები „სქროლვა-სქრინვას“ ეძახიან, ძირითადად დემონსტრანტებს, პროტესტში ჩართულ პირებს სქროლავს და სქრინავს, თუმცა არამხოლოდ. არაერთი საჩვენებელი საქმისწარმოება ყოფილა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ან სინდისის პატიმრების მლანძღველთა წინააღმდეგ.
ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეები ამ მიმართულებით იყო:
- მომღერალ სოფო ბათილაშვილის დაჯარიმება სიმღერის გამო — საბაბით, რომ უწმაწურსიტყვებიანი ტექსტის მქონე სიმღერის ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. ანუ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
- „მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის საქმე“, რისთვისაც ბლოგერი თორნიკე რაზმაძე დააჯარიმეს
- ჟურნალისტ ვახო სანაიას მორიგი და ამჯერად 30 დღით დაპატიმრება ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის
წვრილმანი ხულიგნობის მუხლის დარღვევა (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს) იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ერთხელ უკვე სახდელდადებული პირის მიერ მუხლის განმეორებით დარღვევა პატიმრობას 5-დან 60 დღემდე ზრდის, ჯარიმას კი — 3000-დან 5000 ლარამდე.
