ახალი ამბები

ქართველი ხალხის იმედი მაქვს – სარალიძე დედასთან ერთად აქციაზე დაბრუნდა

11 ნოემბერი, 2018 • 1733
ქართველი ხალხის იმედი მაქვს – სარალიძე დედასთან ერთად აქციაზე დაბრუნდა

ზაზა სარალიძე დედასთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მანამდე, ორივე მათგანმა რამდენიმე საათი დაჰყო ინგოროყვას კლინიკაში მას შემდეგ, რაც აქციაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ შეუძლოდ გახდნენ.

სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისი და მისი ოჯახის განადგურება გადაწყვიტა, თუმცა ამ ვითარებაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

“ამათ აქვთ გადაწყვეტილი პირდაპირ ჩემი და ჩემ ოჯახის განადგურება. ესაა მათი გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილები რომ მისცენ პასუხისგებაში, დაიშლებიან თუ რა მოხდება, არ ვიცი. ეს არის ბოლო შანსი იმის, რომ მე პირადად და ჩემი ოჯახი გამანადგურონ, რომ ხმა ვერ ამოიღოს ვერავინ. მაგრამ მე იმედი მაქვს ქართველი ხალხის და ჩვენ რომც გაგვანადგურონ, ხალხი მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე.”, – თქვა მან და მოქალაქეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა:

“ვისაც სწყურია, რომ სამართალმა იზეიმოს, დავდგეთ ერთად და სამართალს მივაღწიოთ ერთობლივად. ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი”.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიის მოთხოვნის მიუხედავად, აქციის ადგილმდებარეობის შეცვლას არ აპირებს და პროტესტს კვლავ პარლამენტის წინ განაგრძობს. რაც შეეხება კარვების გაშლის საკითხს, სარალიძემ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

“მომიტანონ ნორმალური დოკუმემნტი, რის საფუძველზე მიკრძალავენ კარვის დადგმას და გავიწევი, აღარ ამოვიღებ ხმას”.

რა ხდებოდა პარლამენტთან 10 ნოემბრის საღამოს?

შვილმოკლული მამების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20:00-ზე დაიწყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელები ისევ შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას  შეუძლოდ ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედებები უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელი ღამის მანძილზე დარჩებიან.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი