პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსტაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისათვის ადგილზე 10-მდე ასეთი კონსტრუქციაა განტავსებული.
აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამით არსად წავლენ და კარვებში დარჩებიან, რათა დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის პარლამენტის მიმდებარედ. პოლიციელები შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით, როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, სარალიძემ განაცხადა:
“ეს იყო კალაძის და ხელისუფლების პასუხი ჩემს მიმართ. მე ამათ თავს შევაკლავ და ბრძოლას გავაგრძელებ”.
შემდგომ მან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მიმართა; მოუწოდა, პარლამენტთან მივიდეს და აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებული უფლების აღსრულებაში დაეხმაროს.
“კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!” – ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტის წინ გუშინ დაიგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, დღეს, 20:00-ზე პარლამენტთან შეკრებილიყვნენ. აქციაზე აპროტესტებენ როგორც სარალიძე/მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლაში ხელშეშლას, ისე მერიის მოთხოვნას მათდამი, შეცვალონ აქციის ჩატარების ადგილი 7 დეკემბრამდე, ნაძვის ხის დადგმის საჭიროების გამო.
აქციის ორგანიზატორთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “საფარი”, “სამართლიანი არჩევნები”, “საია”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საქართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”.