ახალი ამბები

სარალიძე/მაჩალიკაშვილის მიმართ მერიის მოთხოვნა კანონმდებლობის მიღმაა – ომბუდსმენი

9 ნოემბერი, 2018 • 2542
სარალიძე/მაჩალიკაშვილის მიმართ მერიის მოთხოვნა კანონმდებლობის მიღმაა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მერიის მიერ სარალიძე/მაჩალიკაშვილისათვის აქციის ჩატარების ადგილის შეცვლის მოთხოვნას აკრიტიკებს. ომბუდსმენის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა მერიის მიერ შეკრების თავისუფლებაში ამ ფორმით ჩარევას არ ითვალისწინებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პარლამენტთან აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მერიას თავად ზაზა სარალიძემ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მას კანონმდებლობა აღნიშნულს არ ავალდებულებდა. მერიამ კი მას უარი შემოუთვალა “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად.

ნინო ლომჯარიას აპარატი განმარტავს, რატომ არის მერიის მოთხოვნა კანონმდებლობასთან შეუსაბამო და იმ გარემოებებს ასახელებს, რომლითაც ქალაქის მთავრობას მსგავსი რამ შეუძლია.

“გასათვალისწინებელია, რომ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია, მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება, ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას.

ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში).

ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სრულფასოვანი სარგებლობა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ის მოუწოდებს მერიასა და შსს-ს, “ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით” აღნიშნულს ხელი არ შეუშალონ.

ზაზა სარალიძემ დღეს, 9 ნოემბერს  განაცხადა, რომ თბილისის მერიისგან მიიღო გაფრთხილება, შეცვალოს აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.

გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი