ახალი ამბები

ნაძვის ხის დადგმას აპირებენ და აქციის ადგილის შეცვლას გვაიძულებენ — სარალიძე

9 ნოემბერი, 2018 • 4180
ნაძვის ხის დადგმას აპირებენ და აქციის ადგილის შეცვლას გვაიძულებენ — სარალიძე

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან მიიღო გაფრთხილება, შეცვალოს აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც მესამე თვეა, შვილების მკლელობის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მართავენ, არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას.

როგორც 9 ნოემბერს სარალიძემ თქვა, 1 ნოემბერს თბილისის მერიას მიმართა აქციების გაგრძელების ნებართვისთვის 31 დეკემბრამდე. მისივე თქმით, პასუხად მიიღო შეტყობინება, რომ საახალწლო სამზადისის გამო აქციის ადგილმდებარეობა უნდა შეცვალოს, “იქიდან გამომდინარე, რომ აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას”.

“[ამ წერილით] პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზეო. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ. ეს წერია პირდაპირ ამ წერილში”,- თქვა სარალიძემ.

“აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად”, — თქვა მაჩალიკაშვილმა.

სარალიძე-მაჩალიკაშვილს დღემდე არ აძლევენ პარლამენტთან კარვის აღმართვის უფლებას.

ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის მერიას კომენტარისათვის. მათი თქმით, ამ საკითხზე კომენტარს, სავარაუდოდ, თბილისი მერი კახი კალაძე გააკეთებს.

გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს — მაჩალიკაშვილი რობაქიძე-გირგვლიანის ოჯახებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი