ახალი ამბები

აქციაზე ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ – ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

10 ნოემბერი, 2018 • 2315
აქციაზე ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ – ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი დედა, მარინა ბეგაძე შეუძლოდ გახდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაახლოებით, 15 წუთიანი ინტერვალით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

აღნიშნულს წინ უძღოდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის პარლამენტის მიმდებარედ. პოლიციელები შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. სწორედ ამ გაწევ-გამოწევისას გახდა პირველად შეუძლოდ ზაზა სარალიძე, თუმცა იმ მომენტში მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა. შვილმოკლული მამის მდგომარეობა შემდგომ გაუარესდა.

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსტაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისათვის ადგილზე 10-მდე ასეთი კონსტრუქციაა განტავსებული.

აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამით არსად წავლენ და კარვებში დარჩებიან, რათა დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

აქცია პარლამენტთან: შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან და კარვებს დაიცავენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი