ახალი ამბები

სოციალური პროგრამები II ტურის წინ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?

9 ნოემბერი, 2018 • 2039
სოციალური პროგრამები II ტურის წინ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?
მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა. საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უტოლდება ან წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მთავრობა კი ამ ღონისძიებებს არა არჩევნებს, არამედ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმდინარე პროცესს უკავშირებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, “არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, ან ისეთი შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით.’

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სოციალური პროექტი დააანონსა, რომელიც მათ შორის, სოციალური დახმარების ზრდას გულისხმობს.

კერძოდ,

  • 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ (წყარო: მამუკა ბახტაძის განცხადება)
  • სამსახურის დაწყებისა და შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება – ერთი წლის, არამონეტარული დახმარება კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ (დავით სერგეენკოს განცხადება)
  • 2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ (წყარო: მამუკა ბახტაძე, ლევან იზორია)
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება (ლევან იზორია)
  • თელავში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ (წყარო: ISFED ტელეკომპანია “იმედზე” დაყრდობით)
  •  ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. ასევე მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ, დანამატი გაეზრდებათ (წყარო: ISFED)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მეორე ტურის წინ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ახალი ინიციატივების ინტენსივობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს მთავრობის და ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ზემოჩამოთვლილი პროექტები საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად საარჩევნო ხმების მიღებაზე ორიენტირებულია და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კონკურენტთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მიზანს ემსახურება.

“ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მკაცრად არის დაგმობილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტრუმენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტი ან სხვა რესურსი არჩევნებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით. ჩვენი აზრით, დიახ, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს საქმე,  თუმცა პირდაპირ საარჩევნო  კოდექსის ნორმები ამ შემთხვევაში ვერ მოქმედებს. ის, რომ ამ პერიოდში ბიუჯეტის დაგეგმვა მიმდინარეობს, არის არგუმენტი ხელისუფლების სასარგებლოდ, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმარება გამოყენებულია წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო მიზნით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ISFED-ის იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

„ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებები ახალი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ საარჩევნოდ მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს ატარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებითაც. როგორც ორგანზიაციის განცხადებაში არის აღნიშნული, ეს შეიძლება უტოლდებოდეს საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

“ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ISFED, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნების მეორე ტურის წინ თავი შეიკავოს მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან და საბიუჯეტო სახსრების იმგვარად განკარგვისგან, რომლებიც შესაძლოა საარჩევნო მიზნებისთვის რესურსების გამოყენებად იყოს აღქმული.

მთავრობა სოციალური პროექტების განხორციელებას წინასაარჩევნო პიარს  არ უკავშირებს. მაგალითად, 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების ხუთჯერ გაზრდას წინასაარჩევნო პროცესს არ უკავშირებს პრემიერი ბახტაძე.

“ბიუჯეტის განხილვა ახლაც მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ამას არანაირი კავშირი არა აქვს საარჩევნო გარემოსთან და პროცესთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ დაანონსებული პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ არჩევნევამდე იყო დაგეგმილი.

“იმის განხორციელება, რაც გაზაფხულზე ჩაიფიქრა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტმა, თუ დინამიკაში, კალენდარულად უწევს წინასაარჩევნო პერიოდში, ადამიანები მშივრები დავტოვოთ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას სურს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონდეს “ბენეფიტი”? მე მგონი, ეს სამართლიანი არ არის. არჩევნები აქ არაფერ შუაშია”,- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია “ნეტგაზეთთან” საუბარში და ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტის განხილვისას პრიორიტეტების კორექტირება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

საქართველოს პარლამენტი ამ დროსთვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის ბიუჯეტი 21 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე

მეორე ტურმა რა ჰქმნა?

მასალების გადაბეჭდვის წესი