ახალი ამბები

შუალედური არჩევნები ამერიკაში – “რეფერენდუმი ტრამპის წინააღმდეგ”

6 ნოემბერი, 2018 • 2548
შუალედური არჩევნები ამერიკაში – “რეფერენდუმი ტრამპის წინააღმდეგ”

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 6 ნოემბერს, შუალედური არჩევნები იმართება, რა დროსაც უნდა აირჩიონ საკანონმდებლო ორგანოს წევრები. დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია იმით, რომ არსებობს შანსი, რესპუბლიკურმა პარტიამ დაკარგოს უმრავლესობა როგორც კონგრესის ქვედა პალატაში (წარმომადგენელთა პალატა), ისე – ზედა პალატაში (სენატი). სწორედ კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობა უმაგრებს ზურგს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობას. რესპუბლიკელთა მხარდაჭერით ტრამპის არაერთი მნიშვნელოვანი იდეა იქცა კანონად, მათ შორის, საგადასახადო და ჯანდაცვის რეფორმები, რაც ამერიკელი ამომრჩევლისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

ამ დროისათვის სენატის 100 წევრიდან 51 არის რესპუბლიკელი, 47- დემოკრატი, 2 კი- დამოუკიდებელი, რომლებიც ხმის მიცემისას დემოკრატების გუნდში მოიაზრებიან. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, აქ 238 ადგილი რესპუბლიკელებს ეკუთვნით, 197 კი – დემოკრატებს.

რას ნიშნავს შუალედური არჩევნები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ირჩევენ 6 წლის ვადით, წარმომადგენელთა პალატის წევრებს კი – 2 წლით. იმის გამო, რომ ქვეყანასა და საკანონმდებლო ორგანოში შენარჩუნებული იყოს ძალთა ბალანსი, საკანონმდებლო არჩევნები ტარდება საპრეზიდენტო ვადის შუაში – ტრამპი უკვე ორი წელია, რაც პრეზიდენტია. მას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსის დემოკრატების სასარგებლოდ შეცვლა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პრეზიდენტ ტრამპის ბოლო ორი წლის გეგმებსა და საქმიანობაზე. თუ შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს, ტრამპი დაკარგავს მთავარს – “ზურგს” საკანონმდებლო ორგანოში, რომლის საშუალებითაც მის იდეებს კანონად ქცევის გზაზე მწვანე შუქი ენთებოდა.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვება არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს შეასუსტებს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელთა სრულ ძალაუფლებას, რომელსაც კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობით ამყარებდნენ. აქამდე პრეზიდენტ ტრამპისთვის, რესპუბლიკელთა სრული უმრავლესობის პირობებში, გაცილებით ადვილი იყო თავის საკონონმდებლო ინიციატივებზე კონგრესის ორივე პალატის თანხმობის მოპოვება. ამიერიდან კი ეს უფრო გართულდება და დემოკრატებს გაუჩნდებათ ბერკეტი, რითაც შეძლებენ პრეზიდენტის ინიციატივების შეზღუდვას. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატას შეუძლია წამოიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტი შეძლონ. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებას სენატი იღებს საერთო შემადგენლობის ორი მესამედით (67 სენატორი). რადგან სენატში დემოკრატები უმცირესობაში იქნებიან, ეს მისია, ფაქტობრივად, მათთვის შეუსრულებელია.

ფოტო: EPA-EFE/RICK MUSACCHIO

ამერიკის კონგრესში სულ 535 ადგილია. აქედან 100 ადგილს 6 წლით არჩეული სენატორები იკავებენ (თითოეულ შტატს სენატში 2 სენატორი წარმოადგენს), 435 ადგილი კი ნაწილდება ქვედა პალატის 435 კანონმდებელზე. სენატორებისგან განსხვავებით, წარმომადგენელთა პალატის წევრები შტატებს წარმოადგენენ მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვან შტატს წარმომადგენელთა პალატაში 51 წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო მცირე ზომის შტატებს, ისეთებს, როგორიცაა დელავერი – 3.

2018 წლის 6 ნოემბრის არჩევნებზე ამერიკელმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს წარმომადგენელთა პალატის ყველა – 435 წევრი და 35 სენატორი (სენატის შემადგენლობა ეტაპობრივად განახლდება 2020 და 2022 წლებში). გარდა ამისა, ამერიკაში ამავე დღეს ირჩევენ 36 შტატის გუბერნატორსა და ათეულობით ადგილობრივ კანონმდებელს. შესაბამისად, ამ არჩევნების პოლიტიკური მნიშვნელობა დამატებით დატვირთვას იძენს.

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შანსები – რას აჩვენებს გამოკითხვები

6 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს უფრო მეტად აქვთ შანსი, უმრავლესობა მოიპოვონ წარმომადგენელთა პალატაში, რადგან აქ ამომრჩეველი მთლიან შემადგენლობას ხელახლა ირჩევს. რაც შეეხება სენატს, აქ დემოკრატებს უმრავლესობის მოპოვება, შესაძლოა, გაცილებით გაუჭირდეთ, რადგან არჩევნებზე უნდა აირჩიონ 24 დემოკრატი და 2 დამოუკიდებელი სენატორის (რომლებიც დემოკრატების გუნდში მოიაზრებიან) შემცვლელი. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მხოლოდ 9 სენატორის შემცვლელი უნდა აირჩიონ, შესაბამისად, 42 რესპუბლიკელი სენატორი ხელუხლებელი რჩება და სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 9 ახალი სენატორის არჩევა სჭირდებათ.

“წინასაარჩევნო კვლევები მიუთითებს, რომ დემოკრატიული პარტია ახლოს არის მიზანთან, წარმომადგენელთა პალატაში დაასრულოს რესპუბლიკელთა 8-წლიანი უმრავლესობა”, – წერს პოლიტიკო და აღნიშნავს, რომ 6 ნოემბერი არის ერთგვარი რეფერენდუმი ტრამპის მმართველობისთვის. კერძოდ, ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, ამერიკელები რამდენად არიან, ან არ არიან გაბრაზებული ტრამპის მმართველობის სტილსა და მის მიერ დაწყებულ რეფორმებზე.

როგორც ამერიკული ტელეარხი CBS აღნიშნავს, მათი კვლევებით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ დემოკრატებს. მათი კვლევებით, 225 ადგილს დაიკავებენ დემოკრატები, 210-ს კი- რესპუბლიკელები. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილი საკმარისია. თუმცა, როგორც CBS წერს, ცდომილება ამ კვლევაში პლუს-მინუს13 ადგილია. შესაბამისად, ამ ცდომილების გათვალისწინებით, რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობის შენარჩუნების შანსი. ყველაფერი კი მაინც ამომრჩევლის აქტივობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, მით უფრო იზრდება დემოკრატიული პარტიის წარმატების შანსი.

CBS ამბობს, რომ ამომრჩევლები 6 ნოემბრის არჩევნებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დემოკრატების სასარგებლოდ მეტყველებს კვლევის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპის მხარდამჭერთა 6% მხარს დემოკრატების კანდიდატს უჭერს, გარდა ამისა, ქალების უმრავლესობაც დემოკრატების მხარდამჭერია. რესპუბლიკელთა წარმატება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ისინი ტრამპის ამომრჩევლების შემობრუნებას.

ქალების ფაქტორი

დემოკრატი ილჰან ომარი იბრძვის წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად მინეაპოლისიდან. ფოტო: EPA-EFE/CRAIG LASSIG

გარდა იმისა, რომ დემოკრატიული პარტია იმედებს ამყარებს ქალ ამომრჩევლებსა და სხვადასხვა სახის უმცირესობის წარმომადგენლებზე, შუალედური არჩევნები გამორჩეულია კიდევ ერთი ნიშნით:

საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1 500 ქალი იბრძვის, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 500-ით მეტმა ქალმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც BBC აღნიშნავს, ამ არჩევნების დამსახურებით 2018 წელი შეიძლება გახდეს “ქალების წელი” ამერიკაში.

“კონგრესის მხოლოდ 20%-ს შეადგენენ ქალები და მათი წარმომადგენლობის  ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამცირებდა ქალების სურვილს, ებრძოლათ არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუმცა, ჰილარი კლინტონის მოულოდნელმა მარცხმა დონალდ ტრამპთან, კაცთან, რომელსაც ადანაშაულებდნენ სექსუალურ შეურაცხყოფასა და სექსისტური განცხადებების გაკეთებაში, ამერიკელი ქალები გამოაფხიზლა”, – წერს BBC.

საინტერესო სტატისტიკა

გარდა ქალებისა, დემოკრატები თავიანთი წარმატების იმედს ამყარებენ უმცირესობებზე, მათ შორის, ესპანურენოვან ამომრჩევლებზე. Pew Research Center-ის მონაცემებით, 2018 წლის 6 ნოემბრის არჩევნებზე ხმის უფლება აქვს 29 მილიონ ესპანურენოვან მოქალაქეს, რაც 4 მილიონით, მეტია. ამავე კვლევითი ცენტრის მონაცემებით კი, ესპანურენოვანი ამომრჩევლების 62% ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატებს, ხოლო რესპუბლიკელების მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ 27% აცხადებს.

თუმცა იგივე კვლევა მიუთითებს, რომ ესპანურენოვან მოსახლეობაში არის გარკვეული სკეპტიციზმი როგორც ზოგადად საარჩევნო პროცესის, ისე არჩევნებში მონაწილე ძირითადი პარტიების – დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიმართ. მაგალითად, ესპანურენოვანი ამომრჩევლების 33%-ს მიაჩნია, რომ ამ ორ პარტიას შორის განსხვავება არ არის. 42%-ის მოსაზრებით კი, მათთან დაკავშირებული საკითხები დემოკრატებს უფრო აღელვებთ, ვიდრე რესპუბლიკელებს. რესპუბლიკელთა სასიკეთოდ მხოლოდ 14% პასუხობს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 2015 წელს დემოკრატებს მათთვის სასიკეთოდ მიიჩნევდა ესპანურენოვანი ამომრჩევლის 59%, რაც დრამატულად არის შეცვლილი. გარდა ამისა, 22%-დან 33%-მდე გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ორივე პარტიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ზოგადად, შუალედურ არჩევნებზე იმაზე ბევრად ნაკლებია ამომრჩევლის აქტივობა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგალითად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 60%-ს მიაღწია, შუალედურ არჩევნებზე კი, 40%-ს (2014 წელს ეს მაჩვენებელი 35.9% იყო).

წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ წლევანდელ არჩევნებზე აქტივობა უფრო მაღალი იქნება და ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ეგზიტპოლები, რომლებიც პარტიებმა ზაფხულში ჩაატარეს.

წარმომადგენელთა პალატის პრაიმერიზში მონაწილეობა ამომრჩეველთა 19.6%-მა (37 მილიონი ამომრჩეველი) მიიღო, მაშინ როცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 13.7% (23.7 მილიონი ამომრჩეველი) იყო. ზრდა დაფიქსირდა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების სასარგებლოდ. პრაიმერიზში დემოკრატების მხარდასაჭერად 4.6%-ით მეტი ადამიანი მივიდა, რესპუბლიკელების მხარდასაჭერად კი, 1.2%-ით  მეტი.

სენატორობის დემოკრატი კანდიდატი ნიუ ჯერსიდან ბობ მენენდესი თავისი რესპუბლიკელი კონკურენტის საწინააღმდეგო კამპანიას მისი ტრამპთან იდენტიფიცირებით ატარებს. ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANE

საინტერესო ტენდენციაზე მიუთითებს გამოცემა პოლიტიკოც: წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი უკმაყოფილოა ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკით.

როგორც პოლიტიკო წერს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტ ტრამპს დაურეკა და სთხოვა, ილაპარაკოს არა იმიგრანტებზე, არამედ ეკონომიკურ ზრდაზე. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ტრამპის რიტორიკა მათ წინასაარჩევნო პოზიციებს ასუსტებს.

“ჩვენ არ ველოდით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირებში ამაზე ვიქნებოდით ფოკუსირებული” ,- ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის მრჩეველს ციტირებს პოლიტიკო.

დემოკრატების ამ არჩევნებზე წარმატების იმედს ისიც ამყარებს, რომ მნიშვნელოვნად არის დაკლებული დონალდ ტრამპის პოპულარობა. უახლესი მონაცემებით, ის ამომრჩევლის მხოლოდ 41.9%-სთვის არის მისაღები, 52.1%-სთვის კი მიუღებელია.

არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დღესვე, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყება. ამერიკის არჩევნებზე ხმებს ელექტრონულად ითვლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი