ახალი ამბები

ღარიბაშვილი აღიარებს, რომ “ეს შენ გეხებას” კრიტიკისას მძიმე სიტყვები გამოიყენა

9 მაისი, 2014 • • 1390
ღარიბაშვილი აღიარებს, რომ “ეს შენ გეხებას” კრიტიკისას მძიმე სიტყვები გამოიყენა

 

“მართლაც ვაღიარებ, რომ მძიმე სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე კარგად განვმარტე. მათთვის არ მიწოდებია ძირგამომთხრელები, როგორც ისინი ამბობენ, მე ვთქვი, რომ ასეთი კამპანია ქვეყანას ულახავს იმიჯს და აზიანებს. მით უმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლებას მტკიცე სურვილი აქვს ამ რეგულაციების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგების და სურს შექმნას ისეთი სისტემა, რომელშიც უკანონო მოსმენებს ვეღარავინ შეძლებს”, – განაცხადა პრემიერმა “იმედის” ეთერში.

 

ჟურნალისტების, ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, ასევე ღარიბაშვილის თანაკოალიციელ დეპუტატ შალვა შავგულიძისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელ ლიკა საჯაიას ავტორობით პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე ერთი წლის წინ შევიდა. ეს კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა ინიციატივად აქცია, თუმცა საპარლამენტო განხილევბი ერთი წლის განმავლობაში არ დაწყებულა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს “ეს შენ გეხებას” კამპანიის წამოწყება აღნიშნული კანონპროექტების ლობირების მიზნით.

 

“ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავევნ ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს. დღეს კი ამტკიცებს, რომ არასამთავრობოებისათვის ძირგამომთხრელები არ უწოდებია. ამასთან, 1 მაისს პრემიერმა ისიც თქვა, რომ ის კანონპროექტი, რომელსაც “ეს შენ გეხება” ლობირებს, არასამთავრობოებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შეიტანეს პარლამენტში. დღეს გრიგოლიას გადაცემაში პრემიერმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი იურიდიული კომიტეტია:

 

“მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ჩვენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა. იყო სერიოზული პროგრესი, ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა არაერთი მცდელობა, რომ აღნიშნული კამპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაგვემართა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. მე დაახლოებით 2 თვის წინ ბატონ მინდია ჯანელიძეს დავავალე, რომ მას შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას გაუწევდა კოორდინაციას. ამ ჯგუფმა საკმაოდ წარმატებულად იმუშავა, რა თქმა უნდა, აქ ჩართული იყო პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, რომელიც ამ კანონპროექტის ინიციატორი იყო და მათთან ერთად შეჯერდნენ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღეული. მე ადამიანურად გამიკვირდა ეს აგრესიული კამპანია, ვერ ავხსენი, ამის საჭიროება ვერ დავინახე. მაშინ, როცა ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ და სისტემა მოვაწესრიგოთ, რატომ იყო ღია კარის მტვრევა საჭირო. ასე რომ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე აღნიშნული არასამთავრობოები გავაკრიტიკე იყო შემდეგი, რომ ისედაც ვაპირებთ ამ კანონის მიღებას და აღარ იყო საჭირო ამხელა აჟიოტაჟი”, – აღნიშნა პრემიერმა დღეს გრიგოლიას გადაცემაში.

 

epa04053677 The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili during a joint press conference with EU Commission President Jose Manuel Barroso (not pictured) after a meeting at the European Commission headquarters, in Brussels, Belgium, 03 February 2014. Prime Minister Irakli Gharibashvili is visiting the EU Commission for the first time.  EPA/JULIEN WARNAND
epa04053677 The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili during a joint press conference with EU Commission President Jose Manuel Barroso (not pictured) after a meeting at the European Commission headquarters, in Brussels, Belgium, 03 February 2014. Prime Minister Irakli Gharibashvili is visiting the EU Commission for the first time. EPA/JULIEN WARNAND

მასალების გადაბეჭდვის წესი