10 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს მოუწოდებს, ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს. საუბარია 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, განსაკუთრებით კი გამოყოფენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებულ ახალ წესებს:
„კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა, 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება.
განცხადების ავტორების თქმით, მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით:
„ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც მათ შორის ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება“, – ვკითხულობთ განცხადებაში
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ლიბერალური აკადემია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- უფლებები საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი