ახალი ამბებისაზოგადოება

ამომრჩევლების ნების კონტროლი კოორდინატორების მეშვეობით – არჩევნები 2018

28 ოქტომბერი, 2018 • 2545
ამომრჩევლების ნების კონტროლი კოორდინატორების მეშვეობით – არჩევნები 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან, ყურადღებას ამახვილებენ საარჩევნო უბნების გარეთ კოორდინატორების მობილიზებაზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” (TI) აცხადებენ, რომ თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის.

ISFED-ის ცნობით, მსგავსი ტენდენცია 40-მდე საარჩევნო უბანზე აღრიცხეს. მათ შორის, ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე. ორგანიზაციის განცხადებით, კოორდინატორები მეტწილად სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მოქმედებენ, თუმცა რამდენიმე უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებიც იმყოფებოდნენ. ამასთან, ISFED-ის განცხადებით, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის მოწმობებით ადამიანები სხედან უბნის მიმდებარედ მანქანებში, რომლებსაც აქვთ სიები და პარალელურად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას.

“ეს ადამიანები ამოწმებენ არჩევნებზე მოსულ პირთა ვინაობას და ეწევიან აგიტაციას. საგარეჯოსა და ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს მოთსხოვეს, მოიყვანოს ხალხი არჩევნებზე, რაზეც ამომრჩეველმა უპასუხა, რომ უკვე მოიყვანა და კიდევ მიჰყავს ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ”,-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძის განცხადებით, ეს ტენდენცია ახალი არაა, თუმცა ამ არჩევნებზე განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შეიძინა. ISFED-ის დირექტორის თქმით, ამ გზით ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდება:

“მისულ ამომრჩეველს ხშირად ეკითხებიან სახელს და გვარს და ხშირ შემთხვევაში უბანზე შესვლაც არ შეიძლება, იმდენად ბლოკირებულია შესასვლელები, იმის გარეშე რომ არ უთხრან ამ პირებს. ეს არის აღრიცხვა, თუ ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ -არა. ისეთი ფაქტების შესახებაც ვიგებთ, რომ მოუწოდებენ, სალომე ზურაბიშვილს მისცეს ხმა ამომრჩეველმა, ან ეკითხებიან, მოახდინეს თუ არა იმ ადამიანების მობილიზება, ვინც უნდა მოეყვანათ ხმის მისაცემად.

ეს თავისთავად არის პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად მხოლოდ აღრიცხვა იმისა, თუ ვინ მოდის/არ მოდის არჩევნებზე, წარმოადგენს ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლს, რადგან ამომრჩევლის საკუთარი ნება-სურვილია მოვა თუ არა არჩევნებზე”, – ამბობს ბენიძე.

მთაწმინდის ოლქის მე-3 და მე-4 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, საიაც აცხადებს, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. ასეთი შემთხვევები ორგანიზაციამ (მთაწმინდის #36, საბურთალოს #60, #61; დიდუბის #10, #18, #19, #29, #42; ჩუღურეთის #16, #19, #37; გლდანის #35; მარნეულის #48 უბნები) დააფიქსირა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს რაში გამოიხატება კოორდინატორების ქმედება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ამომრჩეველთა ნების კონტროლს აქვს ადგილი:

“ეს ადამიანები აგროვებდნენ ინფორმაციას და შემდგომ მობილიზება ხდებოდა ამომრჩევლების. ამის გარდა, რიგ შემთხვევებში პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებდნენ – უშუალოდ პირად ნომერზე ურეკავდნენ შტაბიდან და ეკითხებოდნენ იყვნენ თუ არა ადამიანები არჩევნებზე. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამომრჩევლის კონტროლს აქვს ადგილი”, – ამბობს პავლიაშვილი.

მისი თქმით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით ამომრჩეველს უფლება აქვს მივიდეს არჩევნებზე და ეს კონსტიტუციური უფლებაა და არავის აქვს უფლება ამის კონტროლი მოახდინოს.

მსგავსი ტენდენცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში “ნეტგაზეთმაც” შენიშნა.

ზუგდიდი

ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-4 საარჩევნო უბანთან (მეორე საჯარო სკოლასთან) უბნის გახსნიდან, 8 საათიდან, ამ დრომდე (10:45) დგას ავტომანქანა, რომელში მჯდომ ადამიანებთანაც ამომრჩევლის ნაწილი ხმის მიცემამდე და მიცემის შემდეგ მიდის და ესაუბრება. მანქანასთან დროგამოშვებით მიდიან სხვა ადამიანებიც.

ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-4 საარჩევნო უბანი ფოტო: ლუკა პერტაია

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ის დამკვირვებელმა ელისო შენგელიამ უთხრა, მისი ვარაუდით, ეს ადამიანები “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან.

მანქანაში მსხდომმა სამმა ადამიანმა არ ისურვა ნეტგაზეთთან საუბარი, შესაბამისად მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

ერთ-ერთი, ვინც მანქანასთან ხშირად მიდის და ასევე ესაუბრება ამომრჩეველს, ლალი გვილავაა.

ლალი გვილავა დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება უბანზე. მას ცესკოს სააკრედიტაციო ბარათზე აწერია, რომ წარმოადგენს ორგანიზაციას “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე მან უარყო, რომ “ოცნების” კოორდინატორია. ჩვენს კითხვაზე, შედის თუ არა დამკვირვებლის კომპეტენციაში ეს უბნის გარეთ იმყოფებოდეს და ამომრჩეველს ესაუბრებოდეს, მან გვიპასუხა, რომ ამის უფლება აქვს.

“ობსერვატორიას” 2926 დამკვირვებელი ჰყავს არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით. შედარებითსვის, ცნობილ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, “სამართლიან არჩევნებსა” და საიას 1030 და 480 დამკვირვებელი ჰყავთ.

“ობსერვატორიის” დირექტორია გრიგოლ გაგნიძე, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. გაგნიძე გაზეთ “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ერთადერთი, ვინც ამომრჩეველს რეალურ დაპირებებს აძლევს, სალომე ზურაბიშვილია”.

ანალოგიური სიტუაცია იყო ზუგდიდში მე-8 საუბნო საარჩევნო კომისიასთანაც. 

ბათუმი

28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებმა და დამკვირვებლებმა შენიშნეს სიებით აღჭურვილი პირები შენიშნეს, რომლებიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან გაჩერებულ მანქანებში სხედან ხალხის ნაკადს აკვირდებიან. კითხვას, რომელი კანდიდატს წარმოადგენენ და რას საქმიანობენ საარჩევნო უბანთან, ისინი ან არ, ან კიდევ აგრესიით პასუხობენ.

ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს უცნობმა პირმა TV 25-ის გადამღებებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  „ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვედნენ ინფორმაციას“ – ავრცელებს ინფორმაციას TV 25.

დღეს იგივე ტიპის პრობლემა ჰქონდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილ #44 საარჩევნო უბანთან. ავტომობილში მყოფი პირები, ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრესიულად მოექცნენ და დაემუქრნენ, სამართალდამცავების თანდასწრებით.

ასევე, ბათუმის #30 საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდგარ მანქანასთან ხალხმრავლობა იყო, „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვა, რა სიებში ხდებოდა ამომრჩევლების შეყვანა, უპასუხოდ დატოვეს და მოკლედ უპასუხეს, რომ ამომრჩევლები არიან. #62 და #28 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც მდგარ მანქანასთან ხალხმრავლობა იყო, „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვას, რა სიებში ხდებოდა ამომრჩევლების შეყვანა, აგრესიით უპასუხეს.

ქუთაისი

ენმ-ს წარმომადგენლის, გიგა შუშანიას თქმით, #22 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე პერიოდულად კენჭისყრის დარბაზიდან გარეთ გამოდის და ოცნების წარმომადგენლებს ამომრჩევლების მოსვლის შესახებ ანგარიშს აბარებს, რათა ვინც არ მოვა , სახლში მიაკითხონ და არჩევნებზე მოიყვანონ.

შუშანიას განმარტებით, ეს ფაქტი მათი პარტიის წარმომადგენელმა ვიდეოზე გადაიღო, რაზეც ოცნების წარმომადგენლები გაღიზიანდნენ და უთხრეს ნუ იღებთო. ამ ბრალდებას ოცნების მხარდამჭერები უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი