ახალი ამბები

“კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე” დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია

21 ოქტომბერი, 2018 • 1876
“კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე” დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია

“გირჩის” მიერ ორგანიზებულ “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია.

ორი აქტივისტი – აჩო ხაჩიძე და დავით გაბუნია, რომლებიც ამ დრომდე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რჩებოდნენ, შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

მანამდე, სამმართველოდან გაათავისუფლეს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე წევრები და აქტივისტები.

“გირჩის” მონაცემებით, 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში პოლიციამ სულ 13 ადამიანი დააკავა. ჯაფარიძესთან ერთად დაკავებულნი იყვნენ პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, წევრები – ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიკა ობოლაძე, ნიკა ქავთარაძე და ტორესა მოსი და აქტივისტები, რომელთა ნაწილსაც ფესტივალზე სხვადასხვა ცხოველის ფორმა ეცვა.

შსს სულ 11 დაკავებულზე საუბრობდა. უწყება აცხადებდა, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.

ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

შსს ამბობდა, რომ დაკავებულთა შორის მყოფი “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცავებს ნებით გაჰყვა, რაც პარტიაში გამორიცხეს და განაცხადეს, პოლიციამ ჯაფარიძე “მოიტაცა”. პარტიის პრესსპიკერის, ჰერმან საბოს განცხადებით, შსს-მ ადამიანთა დასაპატიმრებლად მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონები გამოიყენა.

ჯაფარიძე პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც მან სიტყვით გამოსვლის დასასრულს რამდენიმე აქტივისტს დაურიგა ნივთიერება, რომელიც მისი თქმით, ქაღალდში გახვეული კანაფი(ე.წ. ჯოინთი) იყო.

“გირჩის” მიერ ორგანიზებული“კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი”,  სადაც მარიხუანის  გაყიდვაც დაანონსდა, დღეს, 16:20-ზე, დედაენის ბაღში დაიწყო. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავდნენ.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავდა, რომ მისი ეს ქმედება იქნებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევდა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი