ახალი ამბები

პოლიციამ დედაენის ბაღში ზურაბ ჯაფარიძე დააკავა[LIVE]

20 ოქტომბერი, 2018 • 9959
პოლიციამ დედაენის ბაღში ზურაბ ჯაფარიძე დააკავა[LIVE]

დედაენის ბაღში, სადაც “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზების ფესტივალი” მიმდინარეობდა, პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯაფარიძემ ბაღში შეკრებილებს დაურიგა ნივთიერება, რომელიც, მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძემ “კანაფის ფესტივალის” მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოქალაქეებს კანაფის თავისუფლად მოხმარების საშუალება მისცა, თუმცა ამ უფლების შეზღუდვას სახელმწიფო შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტით ცდილობს, რომლის ძალითაც მარიხუანის მოწევა რიგ ადგილებში იკრძალება. ამის შემდეგ, ჯაფარიძემ, როგორც თავად თქვა, რამდენიმე ქაღალდში გახვეული კანაფი[ე.წ. ჯოინთი] ამოიღო და გარშემო მყოფ აქტივისტებს დაურიგა. პოლიციამ ის აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

“ნეტგაზეთის” კორესპონდენტების ცნობით, ჯაფარიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე აქტივისტი. მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილზე შეკრებილებმა მხარდაჭერის შეძახილებით გააცილეს.

პოლიცია აკავებს ზურაბ ჯაფარიძეს. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“გირჩის” მიერ ორგანიზებული“კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი”,  სადაც მარიხუანის  გაყიდვაც დაანონსდა, დღეს, 16:20-ზე, დედაენის ბაღში დაიწყო. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავდნენ.

ჯაფარიძემდე, დედაენის ბაღიდან პოლიციამ განყოფილებაში  5 პირი გადაიყვანა. მათ შორის არიან “გირჩის” წევრები – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე; ასევე, პარტიის ორი მხარდამჭერი, რომელთაც ცხოველების ფორმები ეცვათ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მათგანი “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად” წაიყვანეს ფესტივალთან დაკავშირებული გამოძიებს ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს დაიწყო.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბარში აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევდა, რომელიც ღონისძიებისთვის იყო საჭირო.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძემ განმარტავს, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი