ახალი ამბები

პოლიციამ მგლისა და დათვის ფორმაში გამოწყობილი ორი აქტივისტი წაიყვანა – ჯაფარიძე

20 ოქტომბერი, 2018 •
პოლიციამ მგლისა და დათვის ფორმაში გამოწყობილი ორი აქტივისტი წაიყვანა – ჯაფარიძე

“გირჩის” წევრების გარდა, დედაენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში პარტიის ორი მხარდამჭერიც გადაიყვანეს. ამის შესახებ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, აქტივისტებს ცხოველების – მგლისა და დათვის კოსტიუმები ეცვათ და სავარაუდოდ, “პოლიციამ იეჭვა, რომ ისინი რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ”.

“ნეტგაზეთი” ცდილობს, შსს-ში გადაამოწმოს, რა მოტივით დააკავეს აქტივისტები.

მანამდე, ამავე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე გადაიყვანეს. როგორც შსს-მ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ხვიჩია და მეგრელიშვილი პოლიციაში “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად” წაიყვანეს.

დედაენის ბაღში პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატიზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიცია პარტიის წევრებს ბაღში ღონისძებისათვის საჭირო აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევს.

 

https://www.facebook.com/netgazeti/posts/10157031415322044

“გირჩი” დღეს, 20 ოქტომბერს აპირებს, დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი