ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის პრემიერი სომხებს 1915 წლის მოვლენების გამო უსამძიმრებს

23 აპრილი, 2014 • 1493
თურქეთის პრემიერი სომხებს 1915 წლის მოვლენების გამო უსამძიმრებს

თავის განცხადებაში ერდოღანი ამბობს, რომ 1915 წლის მოვლენები იყო “არაადამიანური”, რომელიც დღეს ორი ქვეყნის “საერთო ტკივილად” იქცა. 

 

როგორც თურქეთის პრემიერის წარმომადგენელმა აღნიშნა, ერდოღანი პირველად გამოვიდა ასეთი გულწრფელი სამძიმრით. 


“დღე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სომეხი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ყველა სომხისთვის, ისტორიული მოვლენების მიმართ გამოთქმული აზრების თავისუფლად გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ოსმალური იმპერიის არსებობის ბოლო წლები იყო რთული, მწარე მოგონებებით აღსავსე პერიოდი მილიონობით თურქი, ქურთი, არაბი, სომეხი და სხვა მოქალაქეთათვის, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა,” – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში. 

 

2010 წლის აპრილში სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესი შეეჩერებინა. მაშინ ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა განუცხადა საკუთარ მოქალაქეებს: “სომხეთ-თურქეთის ამჟამინდელ მოლაპარაკებებს დასრულებულად ვაცხადებთ”. 

 

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა თურქეთიდან 100 ათასი არალეგალი სომეხი ემიგრანტის დეპორტირება მომხდარიყო. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის კონგრესის კომიტეტისა და შვედეთის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციის საპასუხოდ იქნება გადადგმული. 

 

სომხეთი ცდილობს მოიპოვოს თურქეთისგან აღიარება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მისი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა გენოციდი იყო, თუმცა აღნიშნული ტერმინის გამოყენებას თურქეთი კატეგორიულად არ ეთანხმება.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

მასალების გადაბეჭდვის წესი