ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი გენოციდის 105-ე წლისთავს განსხვავებულად აღნიშნავს

24 აპრილი, 2020 • 1345
სომხეთი გენოციდის 105-ე წლისთავს განსხვავებულად აღნიშნავს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით – ნაწილობრივ ვირტუალურად აღინიშნება.

წელს მოქალაქეთა ტრადიციული მსვლელობა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან არ შედგა. ცერემონიალში მონაწილეობა მხოლოდ მთავრობის წევრებმა შეძლეს – ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა, ანა ჰაკობიანმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სომხეთის ხელისუფლების რჩევით, გუშინ, 21:00 საათიდან, სომხეთის მოქალაქეებმა საკუთარ სახლებში სინათლე გამორთეს და განათებული ტელეფონის ეკრანებით ფანჯრებთან დადგნენ, რათა სიმბოლურად შეექმნათ  “მარადიულ ცეცხლთან” დგომის იმიტაცია.

ასევე, მთავრობის ინიციატივით, ყველა მსურველმა შეძლო საკუთარი სახელების გაგზავნა ნომერზე 1915 და ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობა, რომლის დროსაც მათი სახელები სომეხთა გენოციდის ხსოვნის მემორიალის კედლებზე პროექტორით გაეშვა.

ფოტო: ნიკოლ ფაშინიანის ინსტაგრამის გვერდიდან

24 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-1918 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ. სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს ოფიციალურად აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი