ახალი ამბები

ქუთაისი-ბარსელონის რეისზე Wizz air-მა მგზავრების ნაწილს გამგზავრებაზე უარი უთხრა

27 სექტემბერი, 2018 •
ქუთაისი-ბარსელონის რეისზე Wizz air-მა მგზავრების ნაწილს გამგზავრებაზე უარი უთხრა

26 სექტემბერს ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისი-ბარსელონის რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან ბორტზე მხოლოდ 110 აუშვა. ავიაკომპანიამ აღნიშნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა.

ავიაკომპანიის ცნობით, ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი. ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

“რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონის რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110-მა მგზავრმა შეძლო. დარჩენილ 50 მგზავრთან ამ წუთებში მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან.”, – ნათქვამია Wizz air-ის განცხადებაში, რომელიც ინციდენტიდან მალევე, 26 სექტემბერს გავრცელდა.

ავიაკომპანიისვე განცხადებით, “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით”.

აღნიშნული რეისის მგზავრები ფეისბუკზე წერდნენ, რომ თვითმფრინავში აუშვეს მხოლოდ ის მგზავრები, რომლებსაც ბილეთები 21-ე რიგის ჩათვლით ჰქონდა. მგზავრთა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ერთად მიმავალ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მოუწიათ გაყოფა, რადგან მათი ნაწილს თვითმფრინავის წინა ნაწილში ჰქონდა ადგილი, ნაწილს კი – ბოლოსკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი