ახალი ამბები

სან-ხოსეს მატჩზე ქართველმა გულშემატკივრებმა კაშიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს

30 აგვისტო, 2018 • 1886
სან-ხოსეს მატჩზე ქართველმა გულშემატკივრებმა კაშიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს

სან-ხოსეში “სან-ხოსე ერსქვეიქსა” და “დალასს” შორის მიმდინარე საფეხბურთო მატჩზე ქართველ გულშემატკივართა ჯგუფმა გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინა. მატჩში თავად კაშიაც მონაწილეობდა.

ასე შეუერთდნენ გულშემატკივრები კამპანიას #გურამშენთანვართ, რომელიც “სან ხოსე ერსქვეიქსის” ფეხურთელისა და საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მხარდასაჭერად ბოლო ორი დღეა მიმდინარეობს. მატჩი, რომელზეც ბანერი გამოიფინა, “სან ხოსე-ერსქვეიქის” გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრები გურამ კაშიას მხარდამჭერ ბანერთან სან-ხოსეში. ფოტო: გიგა ქართველი ქართველი გულშემატკივრები გურამ კაშიას მხარდამჭერ ბანერთან სან-ხოსეში. ფოტო: გიგა ქართველი ქართველი გულშემატკივრები გურამ კაშიას მხარდამჭერ ბანერთან სან-ხოსეში. ფოტო: გიგა ქართველი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ფოტო: გიგა ქართველი

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

კაშიამ უეფას თანასწორობის ჯილდო იმის გამო მიიღო, რომ ლგბტ დროშის ფერებში გაფორმებული სამკლაურით გაუძღვა ვიტესის თამაშს. ასე ის ჩაერთო კამპანიაში, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგაა მიმართული.

კაშიას ამ ქმედებამ ფეხბურთის გულმშემატკივრების ნაწილი, განსკუთრებით კი, ჰომოფობიურად განწყობილი ძალები, “ქართული მარშის” წევრები გააღიზიანა. ზოგიერთი მათგანი კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლასაც მოითხოვდა, თუმცა მას მხარი დაუჭირა ფებურთის ფედერაციამ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა. გულშემატკივრების ნაწილმა კი მოიწონა მისი საქციელი, ჰომოფობია რომ დაგმო. კაშიამ გუშინ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ყველა მხარდამჭერ გზავნილს კითხულობს და ძალიან ამაყია.

თავად კაშია აცხადებს, რომ არ ნანობს ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და ყოველთვის იქნება ძალადობის წინააღმდეგ. 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის მატჩია დაგეგმილი, რომელზეც გურამ კაშიაც ითამაშებს, თუმცა “ქართული მარში”, რომელსაც არაერთი აქცია გაუმართავს ქსენოფობიური მოთხოვნებით, აცხადებს, რომ ისინი გააპროტესტებენ ეროვნულ ნაკრებში კაშიას თამაშს.

‘თითოეულის მოწერილს ვკითხულობ! ვამაყობ!’ – გურამ კაშია მხარდამჭერებს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი