ახალი ამბები

გურამ კაშიამ შეურაცხმყოფელი კომენტარების და შეტყობინებების გამო ფეისბუკი გააუქმა

28 აგვისტო, 2018 • 26116
გურამ კაშიამ შეურაცხმყოფელი კომენტარების და შეტყობინებების გამო ფეისბუკი გააუქმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, გურამ კაშიამ ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ დროებით გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

როგორც გურამ კაშიამ ინსტაგრამის სთორიში დაწერა, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში. ფეხბურთელმა ასევე დაწერა, რომ არაფერს ნანობს და ყოველთვის ძალადობის/აგრესიის წინააღმდეგ დადგება.

“მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ჩვენი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ,” – წერს გურამ კაშია.

  • #გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.

თუ მხარს უჭერთ ეროივნული ნაკრების ვიცეკაპიტანს, გამოაქვეყნეთ ინსტაგრამის სთორიში ფეხბურთელის ფოტო შესაბამისი რეზოლუციით და დაწერეთ ჰეშთეგი #გურამშენთანვართ, ასევე, მონიშნეთ თავად გურამ კაშიაც – @37gk.

ინსტაგრამის სთორის შესაბამისი რეზოლუციის ფოტოები და ვიდეო შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან.

გურამ კაშია, ფეხბურთელი

22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას უეფა თანასწორობის ჯილდოს გადასცემს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის. უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია.

აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს გადაეცემა 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს“, – განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეს“ მაისურით ასპარეზობს.

„#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს – მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოებას“, – განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

კაშიას ნაბიჯს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ზოგიერთი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში.

  • ნეტგაზეთმა საქართველოში 2017 წლის ადამიანად სწორედ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი დაასახელა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გურამ კაშიამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური და ფაშისტური კამპანიისა, ეროვნული ნაკრების ლიდერს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ცისარტყელის ფერის სამკლაურთან დაკავშირებით თითქმის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა საქართველოში დისკუსია. ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციამ და ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საჯაროდ გაიზიარა გურამის პოზიცია ადამიანის უფლებების საკითხზე.

2017 წლის ადამიანი საქართველოში – ინტერვიუ გურამ კაშიასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი